ენმ-ს სასამართლო „კლანზე“ საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა აქვს

პუბლიკა

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია სასამართლოში არსებული კლანური მმართველობის შესახებ  დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის.

დადგენილების პროექტით, დროებითმა კომისიამ უნდა შეისწავლოს სასამართლო სისტემაში ინტერესთა ჯგუფების არსებობა, მათი ფორმალური და არაფორმალური გავლენები, იერარქიები და სტატუსები, კორუფციის და ნეპოტიზმის ფაქტები.

„მთელი ცივილიზებული სამყარო, ისევე როგორც ქართული საზოგადოება სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებას უმძიმეს შეფასებას აძლევს. სენატის საგარეო კომიტეტის უმაღლესი ტრიბუნიდან, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციიდან ხაზგასმული აქცენტია, რომ საქართველოს სასამართლოში მოქმედებს და თავხედურად პოლიტიკურ მართლმსაჯულებას ეწევა „კლანი“.

„კლანი“ ძირს უთხრის არა მხოლოდ მართლმსაჯულების სისტემას, არამედ მოქმედებს დემოკრატიის განვითარების წინააღმდეგ. ეს პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ საქართველოში არ შემოდის ინვესტიციები, თავისუფალ ბიზნესს თავისუფალი სასამართლოს იმედი არ აქვს. ადამიანებს სასამართლოს მიმართ ყველა იმედი დაკარგული აქვს. საქართველოში არსებული კლანური სასამართლო სისტემა მიწეპებულია ხელისუფლებას და ყველა ხელისუფლების პირობებში კომფორტულად გრძნობს თავს. ეს მაშინ, როცა „ქართული ოცნება” დამოუკიდებელი სასამართლოს დაპირებით მოვიდა.

საქართველოს საერთო სასამართლოებში არსებული კლანური ვითარება საგანგაშო ნიშნულს უახლოვდება, როცა „ქართული ოცნება“ იმ შეთანხმებას არღვევს, რომელსაც თავად მოაწერა ხელი“, – განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ.