ენმ-ში ამბობენ, რომ 200 ლარის მისაღებად მოსახლეობას უფასოდ ეხმარებიან

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ლევან ბეჟაშვილის განმარტებით, პარტიის წევრები მოქალაქებს, რომლებიც მთავრობისგან გამოყოფილი 200-ლარიანი დახმარების მიღებას ცდილობენ, უსასყიდლოდ უწევენ ტექნიკურ და იურიდიულ მხარდაჭერას.

„ჩვენ ამას ვაკეთებდით აბსოლუტურად რეკლამის გარეშე. „ქართულმა ოცნებამ“ გაგვიწია გუშინ რეკლამა და დღეს სხვა რაიონულ ორგანიზაციებს, ყველას მოვუწოდებთ, რომ აქტიურად დავეხმაროთ შესაბამისი რეგისტრაციის გავლაში. მთავრობის მცდელობა, ძირითადი დახმარებების ნაწილი სწორედ სექტემბერ-ოქტომბერში დაარიგოს, იმაზე მიუთითებს, რომ მთავრობას უნდა, არჩევნებისთვის, მანიპულაციისთვის გამოიყენოს ეს დახმარებები და  მოსახლეობის გული მოიგოს. დახმარება, რომელიც გაიცემა დღეს მოსახლეობაზე, არის მოსახლეობის კუთვნილება“. – განაცხადა დღეს ბრიფინგზე ლევან ბეჟაშვილმა.

დღეს მთავრობის სხდომაზე გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ იმ პირების მიმართ, რომლებიც ბავშვების პროგრამაში დარეგისტრირების სანაცვლოდ ფინანსურ სარგებელს იღებდნენ, შესაძლოა, სამართლებრივი პრობლემა გამოიკვეთოს და ამას შესაბამისი უწყებები მიხედავენ.

ხანდახან სამწუხარო მოვლენებსაც ვხვდებით. ქვეყანაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ფინანსური და ზოგ შემთხვევაში პოლიტიკური სარგებელი მიიღონ, რომ ბავშვებს და მათ მშობლებს დაეხმარონ იმ დახმარების მიღებაში, რომელიც მათ სახელმწიფოსგან ეკუთვნით.“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 ფიზიკური პირებისა და გარკვეული პოლიტიკური პარტიების მხრიდან „ბავშვებისთვის 200-ლარიანი სახელმწიფო დახმარების პროგრამის პირადი ინტერესებისთვის გამოყენებაზე“ გუშინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემაც განაცხადა.

„ჩვენამდე მოვიდა ძალიან ცუდი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არსებობენ ფიზიკური პირები, რომლებიც მოქალაქეებს ონლაინრეგისტრაციაზე ფასიან მომსახურებას სთავაზობენ. მინდა, გავაფრთხილო თითოეული მათგანი, რომ ეს არის კრიმინალი და შესაბამისი რეაგირება მოხდება ჩვენამდე მოსულ ყველა ასეთ ფაქტზე. ეს არის უფასო მომსახურება, რომელსაც ბავშვიანი ოჯახები მიიღებენ მთავრობისგან“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ.

„ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ გარკვეული პოლიტიკური პარტიები ცდილობენ, ამ პროცესის პოლიტიზებას, ეს არის სახელმწიფოს მიერ ბავშვიანი ოჯახებისთვის შეთავაზებული დახმარება და ნამდვილად არ გვაქვს სურვილი, რომ ამ პროცესის პოლიტიზება მოახდინოს ნებისმიერმა ძალამ“, – აღნიშნავს ბარკალაია.