ენმ თბილისში ფართომასშტაბიან აქციებს დაიწყებს - ბოკუჩავა

პუბლიკა

„ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. სხდომის დასრულების შემდეგ თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ თბილისში ფართომასშტაბიანი აქციების დაწყების გადაწყვეტილება მიიღეს.

„უნდა გაიმართოს ფართომასშტაბიანი აქცია. ეს იქნება თბილისში“, – განაცხადა ბოკუჩავამ, რომლის თქმითაც, კონკრეტული თარიღი მალე გახდება ცნობილი.

ბოკუჩავას შეფასებით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის პატიმრობა პუტინის დაკვეთაა და ეს ქვეყნის სირცხვილია საერთაშორისო ასპარეზზე.

„ნაციონალური მოძრაობა“ სხვა პოლიტიკური ძალებისგან სოლიდარობას ელოდება.

ბოკუჩავას თქმით, პარტია არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებისთვის იბრძოლებს, რაც, მისივე განცხადებით, სააკაშვილისა და ქვეყნის გამარჯვების საფუძველი გახდება.

ენმ-ში მიაჩნიათ, რომ მმართველი პარტიის ლეგიტიმაციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ის, რომ ქვეყნის დიდ ქალაქებში „ოცნებას“ არჩევნებში უპირატესობა არ აქვს – ასე უპასუხა ბოკუჩავამ ვადამდელი არჩევნების შესახებ შეკითხვას. ის ფიქრობს, რომ მეორე ტურში ოპოზიციის შედეგი გახდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნის მიზეზი.