ენმ თვითმმართველობების შემოსავლების გაზრდაზე საკანონმდებლო ინიციატივებს ამზადებს

პუბლიკა

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ წევრმა, დეპუტატმა ანა წითლიძემ საკანონმდებლო ორგანოში ბრიფინგი გამართა და ადგილობრივ თვითმმართველობებში რეალური დეცენტრალიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. წითლიძემ დააანონსა საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენა, როგორ უნდა გაიზარდოს ადგილობრივ ბიუჯეტში შემოსავლები.

დეპუტატი აცხადებს, რომ მაშინ, როდესაც ადგილობრივ დონეზე არსებობს არჩეული საკრებულოები და მერები, გლეხს სოფლის მეურნეობის საკითხების გადაწყვეტილება ცენტრალური ხელისუფლების მეშვეობით უწევს.

მისივე თქმით, პრობლემაა ადგილობრივი ქონების გადაცემის საკითხი და ადგილობრივი შემოსავლები, რომლის უმეტესი ნაწილი, წითლიძის თქმით, ცენტრალურ ხელისუფლებას მიაქვს და ადგილობრივ ბიუჯეტში მხოლოდ მცირე შემოსავალი რჩება.

ანა წითლიძის განცხადებით, ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2017 წელს აიღო საკანონმდებლო ვალდებულება ქონების გადაცემის დაწყების შესახებ და მას დღემდე არ ასრულებს.

„ადგილობრივი ქონება, ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო მიწები, წიაღისეული – დღეს ყველა ეს ჩამოთვლილი უფლებამოსილება არის ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენცია, რომელიც დამატებით ბიუროკრატიას ქმნის ადგილობრივი მცხოვრებისთვის.

მაგალითად, თუ ზუგდიდელს, წალენჯიხელს, სენაკელს დასჭირდება თავისი სასოფლო-სამეურნეო მიწის რეგისტრაცია, ამისთვის უნდა მიმართოს ცენტრალურ ხელისუფლებას, ადგილობრივი ხელისუფლება არ არის უფლებამოსილი. არადა, რეალურად, ევროპული ქარტიითა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, ყველა ეს ჩამოთვლილი კომპეტენცია არის ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილება.

პრობლემაა შემოსავლების ნაწილში, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება იყო ადგილობრივი შემოსავლების ადგილობრივ ბიუჯეტში დატოვება, რაც ადგილობრივ ბიუჯეტს მისცემდა საშუალებას, ყოფილიყო თვითკმარი, დამატებითი შემოსავლების მხოლოდ 19% რჩება ადგილობრივ ბიუჯეტში, დანარჩენს ანაწილებს  ცენტრალური ხელისუფლება. […]

ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს ფინანსთა, ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ ქონების გადაცემის პროცესი ადგილობრივ თვითმმართველობებში, რაც ხელს შეუწყობს არჩეულ მერებს და საკრებულოებს, იყვნენ უფრო ქმედითი.

ასევე მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, განახორციელოს საპარლამენტო ზედამხედველობა და გაგვცეს პასუხი, რატომ არ ასრულებენ სამინისტროები კანონს.

შემოსავლების ნაწილში ფრაქციას გვექნება საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებზეც ვმუშაობთ და უახლოეს მომავალში წარვუდგენთ პარლამენტს“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

დეპუტატის შეფასებით, დეცენტრალიზაციის პროცესის შეფერხებას პოლიტიკური მიზეზი აქვს, რადგან ცენტრალურ ხელისუფლებას არ სჭირდება ძლიერი საკრებულოები და არჩეული თანამდებობის პირები.