ენმ: ვითხოვთ ცანავას მიერ გაჟღერებული ფაქტის მოკვლევასა და გამოძიებას

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მათი პოლიტსაბჭოს წევრის, ლაშა ცანავას მიერ სასამართლოზე გაკეთებული განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. პირველ აგვისტოს ცანავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მედიის ცნობით, მან პროცესზე თქვა, რომ „მოდულის“ შენობაში მასთან ორი თანამდებობის პირი მივიდა, შესთავაზეს თავისუფლება და თანხა, სანაცვლოდ კი მას პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის ყველა ნაბიჯი და საუბარი უნდა ჩაეწერა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ცანავამ, რომელიც პოლიტიკური დევნის შედეგად რამდენიმე დღის წინ დააკავეს, სასამართლო პროცესზე ღიად და დაუფარავად ისაუბრა იმ ზეწოლის, შანტაჟისა და მუქარის შესახებ, რომელიც მის მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისი დაკავების შემდეგ განხორციელდა.

კერძოდ, ლაშა ცანავამ განაცხადა, რომ მას თავისუფლებისა და ფულის სანაცვლოდ შესთავაზეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერისა და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ფარული მიყურადება, ფარული ჩანაწერების გაკეთება და მის წინააღმდეგ გარკვეული კომპრომატების შეგროვება, რომელსაც სახელისუფლებო პროპაგანდა ლევან ხაბეიშვილისა და პარტიის დისკრედიტაციის მიზნით გამოიყენებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს განცხადება საჯაროდ გაკეთდა, ამ დრომდე მას საგამოძიებო ორგანოების მხრიდან საჯარო გამოხმაურება, გამოძიება და რეაგირება არ მოჰყოლია. ჩვენ ერთი წუთით არ გვჯერა, რომ ან სუსი, ან პროკურატურა ამ ნაბიჯს გადადგამენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ვიცავთ რა იურიდიულ, ფორმალურ ვალდებულებას და ვითხოვთ ამ ფაქტის მყისიერ მოკვლევასა და გამოძიებას. თუ ამ ტიპის საგამოძიებო მოქმედებები არ დაიწყება, ამით კიდევ ერთხელ დადასტურდება ჩვენი პოლიტსაბჭოს წევრის პოლიტიკური პატიმრობის საკითხი“, – წერია ენმ-ის განცხადებაში.

ლაშა ცანავა 30 ივლისს დააკავეს. პროკურატურის განცხადებით, მას ბრალდება დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.