ენმ ზაზა აბაშიძეს ეთნიკური შუღლის გაღვივებაში ადანაშაულებს და პროკურატურას მიმართავს

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა სსიპ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის, ზაზა აბაშიძის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებული ეთნიკური სიძულვილის შემცველი კომენტარის გამო პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.

„ბოლო განცხადება, რომელიც გააკეთა საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ზაზა აბაშიძემ, საგანგაშოა, რადგან ის წარმოადგენს საჯარო პირს, არის ხელისუფლებასთან ასოცირებული ადამიანი.

ეს არის დანაშაული და პროკურატურა ვალდებულია, ასეთი პირის მიმართ, მით უმეტეს, თუ ის საჯარო პირია, აწარმოოს სისხლის სამართლებრივი დევნა“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

გუშინ სამოქალაქო პლატფორმამ – „არა-ფობიას!“ განცხადება გაავრცელა და აღნიშნულთან დაკავშირებით.

პლატფორმა საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ განიხილონ ზაზა აბაშიძის თანამდებობიდან მოხსნის საკითხი.

„გავრცელებული ინფორმაციით,  სსიპ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის, ზაზა აბაშიძის, პირად ფეისბუკ პროფილით   გაკეთდა კომენტარი, რომლის თანახმადაც მარნეულის სოფლის მაცხოვრებლები უნდა „ჩაკეტონ და ამოხოცონ“, რასაც თან ერთვის გინება. კიდევ ერთ კომენტარში ზაზა აბაშიძემ მარნეულელებს ვირუსის პოტენციური გამავრცელებლები, მკვლელები უწოდა, აგინა მათ და გაიმეორა, რომ ისინი უნდა გამოკეტონ“. – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პლატფორმისათვის კატეგორიულად მიუღებელია ზაზა აბაშიძის კომენტარები. მისი პოზიცია აღვივებს ეთნიკურ შუღლს და გამოხატავს არაჰუმანურ დამოკიდებულებას  ეთნიკურად აზერბაიჯანელების მიმართ, რითაც ხელს უწყობს ისედაც მოწყვლადი უმცირესობის საზოგადოებისგან უფრო მეტად გარიყვას.