ენტონი ბლინკენის მოადგილე, აზრა ზეია საქართველოშია

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მოადგილე სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში, აზრა ზეია საქართველოშია.

X-ზე მან დაწერა:

„გამარჯობა! ჩამოვედი თბილისში, რათა დავადასტურო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ქართველი ხალხის, მათ შორის მათი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებების მიმართ მხარდაჭერა. აშშ სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლებიც საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხეს უქმნის”.

აზრა ზეია აშშ-დან საქართველოსა და სომხეთში ჩამოდის. ის შეხვედრებს გამართავს და ისაუბრებს დემოკრატიული მმართველობის, ანტიკორუფციის, პრესის თავისუფლების, მარგინალიზებული და დაუცველი ჯგუფების ჩართულობის შესახებ.

საქართველოში აზრა ზეია შეხვდება მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და პარლამენტის წარმომადგენლებს, რათა ხაზი გაუსვას აშშ-ის სერიოზულ შეშფოთებას „უცხოური გავლენის კანონთან” და სხვა არალიბერალურ კანონმდებლობასთან და საქართველოს მთავრობის მავნე რიტორიკასთან დაკავშირებით, რამაც განაპირობა საქართველოს ევროატლანტიკური ტრაექტორიის რისკის ქვეშ დაყენება.

აზრა ზეიას შეხვედრები საქართველოსა და სომხეთში დღეს დაიწყება და 17 ივლისს დასრულდება.