საქართველოს პარლამენტის წევრის, ენზელ მკოიანის ინტერესების დამცველმა, ტარიელ მურმანიშვილმა დღეს „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართა და ენზელ მკოიანთან დაკავშირებულ შეკითხვებს უპასუხა.
მისი თქმით, დეპუტატი ენზელ მკოიანი 6 თვე ძალადობის და მუქარის მსხვერპლია. მისი თქმით, ააფეთქეს მკოიანის ძმის მანქანა, რადგან ეგონათ, რომ ის იქ ენზელ მკოიანი იჯდა. ადვოკატი ამბობს, რომ ამ ვერსიას ადასტურებს ის ფაქტი, რომ წინა დღით ენზელ მკოიანი ძმასთან ერთად იმავე მარშრუტით გადაადგილდებოდა. მისი თქმით, მანქანის აფეთქების ფაქტს წინ უსწრებდა მუქარა თანხის მოთხოვნით.
„ამას წინ უძღოდა მოთხოვნები და მუქარები, რომ თუ არ გადაიხდი თანხას, ახლობელს წაგართმევთ. 30 აგვისტოს უკვე ენზელ მკოიანს ღამე 23:19 წუთზე კავკასიური აქცენტის მქონე პირი დაუკავშირდა. რუსულად ეუბნებიან – „აბა რას შვები, იხდი თუ არა ჩვენ მოთხოვნილ თანხას“. 5 მილიონ ამერიკულ დოლარზეა საუბარი. „ეს ადამიანები პირდაპირ ეუბნებიან, ჩვენ რომ არ ვხუმრობთ, ხომ ხედავ? – ძმის მანქანა ავაფეთქეთ, ან გადაიხდი, ან მოგკლავთ“, – განაცხადა ტარიელ მურმანიშვილმა.
ადვოკატის თქმით, ენზელ მკოიანს მუქარის ავტორებმა უთხრეს, რომ მათ უკან გავლენიანი ადამიანი დგას, რომელიც ენზელ მკოიანით არის დაინტერესებული. მისი თქმით, გამოძიებას აცნობეს მომხდარის შესახებ, მაგრამ ის ინტენსიურად არ მიმდინარეობს.
„ინერტულია გამოძიება. გამოძიებას დღემდე არ დაუკითხავს ენზელ მკოიანი, დაზარალებულად არ არის ცნობილი. საქმის მასალებს არ ვიცნობთ. გამოძიება არაფერს აკეთებს.
ბატონმა ენზელმა მთხოვა გამეხმაურებინა. ის იმდენად შეშინებული და დაძაბულია, რომ ვიდეომიმართვა გააკეთა. თუ გატაცება, ან ლივკიდაცია მოხდება მისი ახლობლის, ამ შემთხვევაში ვიდეომიმართვას ავტომატურად ატვირთავენ საერთაშორისო ორგანზიაციების ვებგვერდებზე და ფართო საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი. ის ამბობს, რომ მსოფლიოში დიდი დიასპორა აქვთ სომხებს და ვინაიდან უმცირესობა არიან, თავის დაცვის მიზნით გადაეცემა ყველა დიასპორას ეს ვიდეო“, – განაცხადა მკოიანის ადვოკატმა.
მისი თქმით, მანქანის აფეთქებას ახალქალაქის პოლიცია იძიებს, გამოჰკითხეს რამდენიმე ადამიანი და დანიშნეს ექსპერტიზა.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ენზელ მკოიანი ახალქალაქში დამოუკიდებელ მაჟორიტარად რეგისტრაციას გეგმავს. შესაბამისი საბუთები ოლქის კომისიაში უკვე შეიტანა.
ენზელ მკოიანის სახელს უკავშირდება ბოლო პერიოდში ახალქალაქში განვითარებული გახმაურებული მოვლენები. ადგილობრივი მედიის ცნობით, 21 აგვისტოს ახალქალაქში ააფეთქდა ენზელ მკოიანის ძმის მანქანა, რაზეც გამოძიება დაიწყო. მანამდე 18 ივლისს მედიაში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ მისდევს ენზელ მკოიანი მოქალაქეებს და როგორ უმიზნებს ის პირს იარაღს. ვიდეოში სხვა შეირაღებული პირებიც ჩანან.