შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ გაუკეთებია კომენტარი 18 ივლისს მედიაში გავრცელებულ ვიდეოკადრებზე, რომელშიც ჩანს, როგორ მისდევს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი მოქალაქეებს და როგორ უმიზნებს ის პირს იარაღს. ვიდეოში სხვა შეირაღებული პირებიც ჩანან.
ვიდეოკადრებში ასახულია 2020 წლის 26 მარტს სამცხე-ჯავახეთში ენზელ მკოიანსა და ყოფილ დეპუტატ სამველ პეტროსიანის ახლობლებს შორის მომხდარი დაპირისპირების ერთ-ერთი ეპიზოდი.
როგორც 20 ივლისს უწყებაში აცხადებდნენ, კადრებთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს და კომენტარი მოგვიანებით გავრცელდებოდა.
მას შემდეგ „პუბლიკა“ პერიოდულად ცდილობს, მიიღოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან კომენტარი, რა რეაგირება მოახდინა უწყებამ 26 მარტის აქამდე უცნობ ვიდეოკადრებზე, რომელზეც ჩანს, რომ „ქართული ოცნების” დეპუტატი მოქალაქეს იარაღს უმიზნებს.
ბოლოს უწყებას ამ შეკითხვით გასულ კვირას მივმართეთ. როგორც დღეს შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელმა განგვიცხადა, „პუბლიკის” კითხვა გადაგზავნილი აქვს „მასთან, ვინც პასუხი უნდა” გასცეს, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიუღიათ.
როგორც აღვნიშნეთ, საუბარია 26 მარტის დაპირისპირების ერთ-ერთი ეპიზოდის ვიდეოკადრებზე. ივლისში გამოქვეყნებულ კადრებამდე კი ცნობილი იყო, რომ მანამდე გავრცცელებულ კადრებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით და იარაღად სხვა საგნის გამოყენებით) დაიწყო და სამართალდამცავებმა პეტროსიანი და მკოიანის ძმისშვილი დააკავეს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
კოალიცია „თანასწორობისთვის” წევრმა ორგანიზაციებმა 21 ივლისს მოუწოდეს სამართალდამცავ უწყებებს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ენზელ მკოიანის ქმედებების დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიება, გამოკვეთოს მონაწილე პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და არ დაუშვას ლოიალობა და პრივილეგიები მკოიანისა და მისი გარემოცვის მიმართ.