მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს უშგულის ლამარიას ტაძარი ადგილობრივმა მღვდელმთავარმა ჩაკეტა და მომლოცველებსა თუ ვიზიტორებს ტაძარში შესვლის შესაძლებლობა აღარ აქვთ.
მათი განცხადებით, მონაზვნები ეკლესიიდან წამოვიდნენ მას შემდეგ, „რაც მონასტერში მივიდა დაახლოებით 12–15-კაციანი ჯგუფი და სასულიერო პირებისა და მონაზვნების მიმართ ადგილი ჰქონდა შეურაცხყოფას, მუქარასა და აგრესიულ დამოკიდებულებას“.
„სასულიერო პირების მისამართით ითქვა, თითქოს „თქვენი მოსვლის შემდეგ სოფელში მდგომარეობა გაუარესდა და სიკვდილიანობამ იმატა“, ასევე, რომ „მონაზვნები აქაურობას ბილწავენ“, „ეს ყველაფერი უნდა დაინგრეს და მოიშალოს“, და რომ „უშგულში შვიდი თავადი ჰყავთ მოკლული და თავზე არავის დასმას არ აპირებენ“, – ეს ნიშნავს იმას რომ მონაზვნები მონასტრიდან გამოაძევეს.
…მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ მონასტრის დატოვებისას ტაძრის გასაღები ადგილობრივებს ჩაჰბარდათ. შესაბამისად, ტაძარი არავისთვის არის ჩაკეტილი და არც ვინმეს ეზღუდება მასში შესვლის შესაძლებლობა. ადგილობრივი მღვდელმთავრის მხრიდან ტაძრის დაკეტვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
ამასთანავე, განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოფელში გაიმართა მოსახლეობის შეკრება, თუმცა აღნიშნულ საკითხზე ერთიანი პოზიცია ვერ ჩამოყალიბდა და გამოიკვეთა განსხვავებული მოსაზრებები.
უშგულის ლამარიას მონასტერში სამონასტრო ცხოვრება და რეგულარული საღვთო მსახურება აღდგება იმ შემთხვევაში, თუ სოფლის მოსახლეობის ნება ამის შესახებ წერილობით იქნება დაფიქსირებული და მას თან დაერთვება შესაბამისი ხელმოწერები. ეს აუცილებელია, რათა ნათლად და გამჭვირვალედ დადასტურდეს მოსახლეობის საერთო პოზიცია და საკითხი გადაწყდეს მშვიდობის და ურთიერთპატივისცემის დაცვით.
ჩვენი სურვილია, შეწყდეს ყოველგვარი დაპირისპირება, გაიფანტოს მცდარი ინფორმაცია და თითოეულმა ადამიანმა სიმართლე მშვიდობიანად და მიუკერძოებლად შეაფასოს“, – წერია ეპარქიის განცხადებაში.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ლამარიას მონასტერი ბოლო პერიოდში ყურადღების ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც 8 ივლისს ონლაინგამოცემა „ჩაიხანამ“ გამოაქვეყნა მასალა, რომლის მიხედვითაც, ზემო სვანეთში, IX -X საუკუნით დათარიღებული ლამარიას ეკლესიასთან თვეზე მეტია, სატრაპეზოს უნებართვო მშენებლობა მიმდინარეობდა.
ეპარქიის განცხადებით, „ჩაიხანას“ მიერ გავრცელებული ფოტომასალა „გადაღებულია ისეთი რაკურსით, რომელმაც, სამწუხაროდ, არასრული და ერთმხრივი შთაბეჭდილება შექმნა. კადრში ასახულია მიმდინარე, შუა სამშენებლო პროცესი, რაც, ბუნებრივია, ნებისმიერი მშენებლობის საწყის ეტაპზე ვიზუალურად უხეშად გამოიყურება და რთულად აღსაქმელია“.
ეპარქიამ დაწერა, რომ სვანეთში არაერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ზიანდება მოუვლელობით და „ამ უმოქმედობის ფონზე ეკლესიის მესვეურები ცდილობენ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის გამო, საკუთარი ძალებით სიტუაციის გამოსწორებას“, რა დროსაც წინააღმდეგობას აწყდებიან. მათვე მიანიშნეს, რომ შემზღუდავი ნორმები უშგულში არათანაბრად ვრცელდება.
ეპარქიამ აღიარა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთვის წინადადების წარდგენა დაიგვიანეს.
საბოლოოდ, 13 ივლისს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ განაცხადა, რომ კელიების უნებართვო მშენებლობა „სააგენტოს გაფრთხილების საფუძველზე შეჩერებულია“.