საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ყინწვისის მამათა მონასტრის სასულიერო პირებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე რაიმე სახის გადაწყვეტილება თავად ეპარქიაში უნდა მიიღონ და საპატრიარქო ამ საკითხში ვერ ჩაერევა.
„ჯერ თავად ეპარქიაში უნდა იქნეს რამე გადაწყვეტილება მიღებული. საპატრიარქო ამაზე ვერ იმსჯელებს. საპატრიარქო ვერ ჩაერევა ამაში, ეს შესაძლებელია, ან თავად ეპარქიის მღვდელმთავარმა, ან სინოდმა გააკეთოს. ეპარქიის ხელმძღვანელს შეუძლია სინოდზე გამოიტანოს ეს საკითხი“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ბრალდებით დაკავებულ სასულიერო პირს 29 აპრილს გორის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
პროცესის დაწყებამდე სასულიერო პირის ადვოკატი აცხადებდა, რომ დაცვის მხარე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვდა. ადვოკატის თქმით, შეიარაღებული დაპირისპირება არ მომხდარა და გამოძიებას საქმის მთავარი მტკიცებულება, ცეცხლსასროლი იარაღი, არ ამოუღია.
პროკურატურამ ყინწვისის მონასტრის მღვდელმსახურს ბრალდება 28 აპრილს წარუდგინდა. ყინწვისის მონასტრის მღვდელმსახურს გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას ედავება.
გამოძიების ინფორმაციით, 2020 წლის 20 აპრილს, საღამოს საათებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რიეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, კ.კ.-მ ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღიდან, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა, ავტომანქანით მოძრავ ს.ჟ.-ს მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. შემთხვევის ადგილიდან ს.ჟ.-მ გარიდება შეძლო. სამართალდამცველებმა კ.კ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2020 წლის 27 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით, 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით წარედგინა. პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ინტენსიურად გრძელდება.