ეპიდემიას პიკისთვის ჯერ არ მიუღწევია და უკვე 130 000 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს – ხუნდაძე

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ კორონავირუსმა მსოფლიოს გამოცდა მოუწყო და ქვეყნების უმეტესობამ ეს გამოცდა ვერ ჩააბარა.

„ეპიდემიას პიკისთვის ჯერ არ მიუღწევია და უკვე 130 000 ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმა. გარდაცვლილი განსაკუთრებით ბევრია მშობლების თაობიდან. ექიმებს საკმაოდ დიდი ბრძოლა უწევთ პაციენტების სიცოცხლის გადასარჩენად და ზოგჯერ ამ ბრძოლას თვითონაც ეწირებიან.

პანდემია, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანასაც ეწვია, მაგრამ, საბედნიეროდ, საქართველო ეპიდემიოლოგიურად შედარებით კარგად გამოიყურება. აქამდე მიღწეული შედეგი სახელმწიფოს საკმაოდ ძვირი უჯდება და რამდენი იქნება საჭირო სასურველი შედეგის მისაღწევად, არავინ იცის“, – ამბობს ხუნდაძე.

მისი თქმით, თუ წინააღმდეგობა სწორად არ შეფასდა და საზოგადოების უკლებლივ ყველა წარმომადგენლის ქმედება არ იქნა ადეკვატური, შესაძლოა, შედეგი კატასტროფულიც კი დადგეს.

როგორც ის ამბობს, ამ ბრძოლაში მთავარი იარაღი ფიზიკური დისტანცირებაა.

„მიჭირს ასე მძიმედ საუბარი, მაგრამ გაუფრთხილებლობამ შესაძლოა, ეს რეალობად აქციოს. სჯობს, დროულად მოვითმინოთ, ვიდრე უდროოდ ვინანოთ. თანაც, სამწუხაროდ, არც ისე ბევრნი ვართ.თუ ვირუსმა მასიური გავრცელების სახე მიიღო, შესაძლოა, ჯანდაცვის სექტორმაც ვერ გაუძლოს სიმძიმე გამოწვევას და კიდევ უფრო ცოტანი დავრჩეთ.

დავრჩეთ სახლში და ამ ფორმით ვიზრუნოთ ერთმანეთზე. ყველა ერთად კი გავუფრთხილდეთ ქვეყნის მომავალს“, – ამბობს ხუნდაძე.