ეპიდემიის დროს ტესტირების კომერციალიზაცია არ ხდება – გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ის კორონავირუსზე ტესტირების კომერციალიზაციას მხარს არ დაუჭერდა.

„საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების უმეტესობა, 80% არის კერძო და მათ აქვთ საკმაოდ კარგი ლაბორატორიები, სადაც შეუძლიათ ტესტირება თავისუფლად, ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია. პრემიერმა მისცა დავალება, რომ განისაზღვროს და დადგინდეს ტესტირების ფასი, რომელსაც სახელმწიფო უზრუნველყოფს. რადგან ხაზს ვუსვამ, ეპიდემიის დროს ტესტირებების კომერციალიზაცია არ ხდება.

დღეს ჩვენ გვაქვს პანდემია მსოფლიოში. ასეთ დროს ყველაფერს თავის თავზე იღებს სახელმწიფო, რომ ადამიანებისთვის ის იყოს ფინანსურად ხელმისაწვდომი. ამიტომ განისაზღვრება ოპტიმალური ფასი, რაც არის დღეს ბაზარზე სწრაფი ტესტის და, შესაბამისად, უფლება ექნება ყველას, ვისაც შეუძლია ამ ტესტირების ჩატარება და, რა თქმა უნდა, ამას აანაზღაურებს შესაბამისი სახელმწიფო პროგრამა. ჩემი პირადი აზრი თუ გაინტერესებთ, მე, ალბათ, მხარს არ დავუჭერდი კორონავირუსზე ტესტირების კომერციალიზაციას,  ეს გლობალური გამოწვევაა, ჩვენ ერთად ვებრძვით და არა, ვთქვათ, მოგების მიზნით რომელიმე ლაბორატორია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.