საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, დამძიმებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო, ისრაელთან ტურიზმის მყისიერად გახსნის შესაძლებლობა დროებით გადავადდა.
„ბოლომდე გვყავს მიყვანილი ხელმოწერის დონეზე ისრაელთან შეთანხმება ტურისტების ისრაელიდან შემოყვანაზე. მწვანე კორიდორი პირველი ვისთანაც დავალაგეთ, დავალაგეთ ისრაელთან. ჩვენ რომ დავთქვით თარიღი, 15 ივნისი ვთქვით ჩვენ. ისრაელი იყო პირველი შესაძლებლობა, რომ უფრო ადრე გაგვეკეთებინა ეს ყველაფერი. ზუსტად ერთი კვირის წინ ისეთი დაიწყო იქ, უბრალოდ, ეპიდემოლოგიური სიტუაცია აფეთქდა და ათასობით ადამიანი გადაჰყავთ კარანტინში. რამდენიმე ქვეყანაა კიდევ ასეთი“, – განაცხადა გახარიამ.
გახარიას თქმით, მთავრობა ვერ დაუშვებს ინფექციის იმპორტირების რისკს, ვინაიდან ეს ქვეყანას შეიძლება ძალიან ძვირი დაუჯდეს.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ვერანაირი ტურისტის მიღების ფასად ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დავაყენებთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ტურიზმიდან შემოსული იმპორტირებული ინფიცირება შეიძლება იმდენი დაუჯდეს, რომ არანაირი ფასი იმ ტურისტს არ ექნება“, – განაცხადა გახარიამ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, შიდა ტურიზმი საქართველოში 15 ივნისიდან, ხოლო საგარეო ტურიზმი 1 ივლისიდან აღდგება.