ეპიდსიტუაცია იმ ხუთ ქვეყანაში, რომელსაც საქართველო საზღვარს უპირობოდ უხსნის

პუბლიკა

მთავრობის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო საზღვარს ხუთ ქვეყანას უპირობოდ უხსნის. ეს ქვეყნებია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.

გერმანიაში, რომელსაც საქართველო საზღვარს უპირობოდ უხსნის, Worldometers-ის ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის 198 355 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 298 შემთხვევა გამოვლინდა ბოლო ერთ დღეში. 7 ივლისის მონაცემებით, გერმანიაში გარდაცვლილია 9 103 ადამიანი, მათ შორის ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 11 ადამიანი.  ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელებულია 182 700 ადამიანი, ხოლო 298 პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

ევროპის კიდევ ერთ ქვეყანაში, საფრანგეთში, covid-19-ის 168 810 შემთხვევაა გამოვლენილი, ბოლო 24 საათში დაფიქსირდა კორონავირუსის 475 ახალი შემთხვევა. სულ გარდაცვლილია 29 933 ადამიანი. გამოჯანმთელებულთა რაოდენობაა 77 655, ხოლო 538 პაციენტია მძიმე/კრიტიკულ მდგომარეობაში.

ლატვიაში კორონავირუსის 1 134 დადასტურებული შემთხვევა გამოვლენილი, მათ შორის ბოლო დღე-ღამეში – 7. ქვეყნის მასშტაბით სულ გარდაცვლილია 30 ადამიანი. 1 008 ადამიანია გამოჯანმრთელებული, ხოლო 1 პაციენტი იმყოფება კრიტიკულ მდგომარეობაში.

რაც შეეხება ლიეტუვას, კორონავირუსის 1 844 შემთხვევაა გამოვლენილი. ბოლო ერთ დღეში 3 შემთხვავა დაფიქსირდა. სულ გარდაცვლილია 79 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებულია 1 547 პირი. სერიოზულ/კრიტიკულ მდგომარეობაშია 15 პაციენტი.

ესტონეთი ერთ-ერთია იმ 5 ქვეყნიდან, რომელსაც მოქალაქეებს/რეზიდენტებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტით საქართველოში მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით ჩამოსვლა. ესტონეთში, კორონავირუსის 1 995 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის ბოლო 24 საათში დაფიქსირდა 1 ახალი შემთხვევა. სულ გარდაცვლილია 69 ადამიანი. ჯამში გამოჯანმრთელებულია 1 880 ადამიანი, ხოლო 2 მოქალაქე იმყოფება კრიტიკულ მდგომარეობაში.


ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ამ ქვეყნებიდან ჩამოსულმა პირებმა საზღვარზე უნდა შეავსონ ანკეტა, რომელშიც შეიტანენ ინფორმაციას საქართველოში ჩამოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის შესახებ ისტორიას და თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ, ტემპერატურის არსებობის შემთხვევაში ჩაუტარდებათ PCR-ტესტი.

ჩიქოვანის განცხადებით, ევროკავშირის იმ 5 ქვეყნის მიმართულებით, რომლებთანაც ჩვენ უპირობოდ ვხსნით საზღვრებს, საავიაციო მიმოსვლისა და რეგულარული რეისების აღდგენის მიზნით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს საერთაშორისო ავიაკომპანიებთან. მათ შორის, ავიაკომპანია Lufthansa-სთან უკვე მიღწეულია შეთანხმება მიუნხენის მიმართულებით 2020 წლის აგვისტოდან კვირაში 2 რეისის განხორციელებასთან დაკავშირებით, ასევე ვმუშაობთ AirBaltic-სა და AirFrance-თან.