ეპიდსიტუაციის მიხედვით შესაძლებელია, წერტილოვანი შეზღუდვები კიდევ გაფართოვდეს - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, „შეზღუდვების შემდგომ გამკაცრებასთან და გაფართოებასთან დაკავშირებით ეს პროცესი არ გაჩერდება”.

„ეპიდსიტუაციის მიხედვით შესაძლებელია, წერტილოვანი შეზღუდვები კიდევ და კიდევ გაფართოვდეს, იმიტომ რომ სხვანაირად, სამწუხაროდ, ამ პანდემიის შეკავება ვერ ხორციელდება. უნდა გავითვალისწინოთ ის გამოცდლება, რასაც უკვე გადიან მთელი რიგი ევროპული თუ არა ევროპული ქვეყნები… უნდა შევეცადოთ საქართველო მინიმალური დაზიანებით გამოვიდეს პანდემიიდან“, – განაცხადა გამყრელიძემ.


საკოორდინაიო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან, დიდ ქალაქებში – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი – 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე – სატრანსპორტო საშუალებებით.

ასევე, ამ ქალაქებში დროებით დაიხურება როგორც მუნიციპალური, ისე კერძო საბავშვო ბაღები.