ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ეპილეფსიით დაავადებული ბავშვების სამკურნალო მედიკამენტის დეფიციტი იმის გამო შეიქმნა, რომ რეფერენტული ფასი გაზრდილიყო.
როგორც მინისტრი განმარტავს, დეფიციტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე გადამოწმდა ნაშთები აფთიაქებსა და საწყობებში, სადაც „ათასობით კოლოფი იქნა საწყობებში ნანახი“. მინისტრი ამბობს, რომ რეფერენტული ფასი გაიზრდებოდა, საწყობში უწყებას ეს ნაშთები რომ არ აღმოეჩინა.
მისივე თქმით, დღეს საწყობში საკმარისი მარაგებია, მომდევნო ერთი თვის მოთხოვნა რომ დაკმაყოფილდეს.
„რეალურად, მთელი გასული კვირის განმავლობაში, საკმაოდ ბევრი პრეტენზია იყო როგორც ექიმების, ასევე მშობლების მხრიდან. ისინი აღნიშნავდნენ, რომ ეპილეფსიით დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ საჭირო ერთადერთი მედიკამენტი დეფიციტში იყო, ვერ ნახულობდნენ ვერცერთ აფთიაქში. შესაბამისი რეაგირება მაშინვე მოვაყოლეთ, როცა ეს ნაშთები გადამოწმდა აფთიაქებსა და საწყობებში, აფთიაქებში არ იყო და საწყობებში ვნახეთ. კომპანიებს განზრახ არ ვამბობ, რადგან მოკვლევის ეტაპზეა. ათასობით კოლოფი იქნა საწყობებში ნანახი. აქ შედგა შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმები, მოვითხოვეთ ამ მედიკამენტის ქსელში გაშვება. სავარაუდოდ, ეს დეფიციტი იმის გამო შეიქმნა, რომ რეფერენტული ფასი გაზრდილიყო.
ეს არის სამწუხარო ფაქტი. 7 ათასამდე მედიკამენტია ბაზარზე და ბაზაში. ჩვენ აუცილებლად ყველა ასეთ შემთხვევაზე მყისიერი რეაგირება გვექნება. გამოვავლენთ და შესაბამისი რეაგირება იქნება სანქციებისა და ადმინისტრაციული კუთხით, რათა მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს. კონკურენციის სააგენტო უფრო მეტ დეტალს დაადგენს, თუმცა, ამ ეტაპზე, ეს პრობლემა აღმოფხვრილია“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.