ეპისკოპოს გიორგის განცხადება არ არის მიმართული ისტორიული პროცესების ფართოდ შეფასებისკენ - სოვლაბი ნარიმანოვის ძეგლზე

პუბლიკა

„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის მოწოდებას ეხმაურება.

25 მაისს გავრცელებულ ქადაგებაში ეპისკოპოსმა მარნეულის ცენტრში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის დემონტაჟი მოითხოვა და მარნეულის მერს მიმართა, რომ ამისთვის გარკვეულ ვადას აძლევდა.

„სოვლაბის“ განცხადებით, მართალია, ნარიმან ნარიმანოვი, როგორც ისტორიული ფიგურა, უნდა იზიარებდეს საბჭოთა ოკუპაციის კოლექტიურ პასუხისმგებლობასა და ტოტალიტარული რეჟიმის დანაშაულების მორალურ ტვირთს, თუმცა ნარიმანოვის ძეგლი არ უნდა გახდეს რეგიონში ახალი კონფლიქტის გამომწვევი მიზეზი. მით უმეტეს, მაშინ, როცა სხვა ქალაქებშიც მრავლადაა საბჭოთა „საზოგადო მოღვაწეების“ ძეგლები, დგას მათი ბიუსტები თუ მონუმენტები.

„მიგვაჩნია, რომ მარნეულისა და ხუჯაბის ეპისკოპოსის განცხადება არ არის მიმართული ისტორიული პროცესების ფართოდ შეფასებისკენ და ნარიმან ნარიმანოვის პოლიტიკური მოღვაწეობის კრიტიკულად და ცივილურად გააზრებისაკენ.

ნარიმანოვის ძეგლი არ უნდა გახდეს საფუძველი ამ რეგიონში ახალი კონფლიქტის წარმოშობის. მიგვაჩნია, რომ მაღალი სასულიერი იერარქები უნდა ცდილობდნენ, რომ საქართველოში იყოს – „ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“.

ძეგლების ჩამოხსნა და დადგმაც უნდა მოხდეს საზოგადოებაში კონსენსუსის საფუძველზე. ძალადობრივად, ფრაგმენტულად, სახალხო თანხმობის გარეშე ძეგლების ჩამოხსნამ შესაძლოა უკუშედეგი მოგვცეს და ისინი კერპებად იქცნენ“, – წერს „სოვლაბი“.

„სოვლაბის“ განცხადებით, ამავდროულად, არასათანადო ყურადღების გამო, დღემდე ბოლომდე არ არის შესწავლილი საქართველოში მცხოვრები იმ ეთნიკური აზერბაიჯანელების წვლილი, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის და მსოფლიოში ერთ-ერთი პირველებმა ადგილობრივ თვითმმართველობაში მუსლიმი ქალი აირჩიეს.

„ეს ადამიანები კოლექტიური მეხსიერებიდან გაქრნენ. არ არსებობს მათი ძეგლები, მათი სახელი არ ჰქვია ქუჩებს, მოედნებს, სკვერებსა და ა. შ.

საქართველოში მოქალაქე ეთნიკური აზერბაიჯანელების წვლილი საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში მნიშვნელოვანია და ეს საერთო ისტორიაშიც მკაფიოდ უნდა იყოს წარმოდგენილი“, – ნათქვამია „სოვლაბის“ განცხადებაში.