კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი ვაქცინაა, რომელის შექმნასაც მთელი მსოფლიო ელოდება და რისთვისაც მსოფლიოში წამყვანი სამედიცინო ინსტიტუტები აქტიურად მუშაობენ.
ჯერ კიდევ უცნობია დრო, როცა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მსოფლიოში მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
საქართველოში უკვე დაიწყო ანტივაქსერული განცხადებების კეთება სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან და ბოლო დროს უფრო ხშირად გვხვდება მედიაში მართლმადიდებლური ეკლესიის წევრთა მხრიდან გაკეთებული განცხადებები.
ჯერ არშექმნილი ვაქცინის წინააღმდეგ უკვე გააკეთეს განცხადება სამტრედიისა და ხონის მიტროპოლიტმა საბამ, ეპისკოპოსმა მიქაელმა და ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა.
„რაზეც მეუფე საბამ გააკეთა რეაგირება, იყო ის, რომ ეს ვაქცინა იქნება საყოველთაო. ანუ, ყველა ადამიანს დააძალებენ ამ ვაქცინის გაკეთებასო. ეს არის ნამდვილად ეშმაკისგან“, – განცხადა 10 მაისს მეუფე ნიკოლოზმა.
მსოფლიოში უკვე 200 წელზე მეტია აღიარებულია, რომ ინფექციურ დაავადებებთან საბრძოლველად ერთადერთი ძირითადი საშუალება ვაქცინაციაა.
იმუნიზაცია, როგორც მეცნიერება, უკვე 200 წელია ცნობილია. ვაქცინაციის წყალობით დამარცხებულია ყვავილი, თითქმის განადგურებულია პოლიომიელიტი, მკვეთრადაა შემცირებული წითელათი, ცოფით და წითურათი ავადობა. ამ ვირუსულ დაავადებებთან ერთად აღნიშვნის ღირსია სხვა მიკროორგანიზმებით გამოწვეული დაავადებები – შავი ჭირი, ქოლერა, ტუბერკულოზი, დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველა, ტულარემია, ჯილეხი – აი არასრული სია დაავადებებისა, რომელთან ბრძოლაშიც გაიმარჯვეს ვაქცინებმა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ხშირად აკეთებენ განცხადებებს ანტივაქსერული მოძრაობის მავნებლობაზე და მოსახლეობას ვაქცინიის სიკეთესა და საიმედობაზე ესაუბრებიან.
„კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, კაცობრიობას ვაქცინაზე უკეთესი წამალი, ასე ვთქვათ, რომელიც იცავს ადამიანის სიცოცხლეს, ჯერ არ გამოუგონია.
ვაქცინებმა გადაარჩინა მილიონობით და ასეულმილიონობით ადამიანის სიცოცხლე. თქვენ წარმოგიდგენიათ, ახლა რომ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობდეს. ცოფი ხომ 100%-ით სასიკვდილო დაავადებაა, რომ არ არსებობდეს წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა. წითელა 90-იან წლებში ყოველწლიურად 500 ათას ბავშვს კლავდა, 5 წლამდე ბავშვს. ეს რიცხვი 100 ათასამდე შემცირდა ვაქცინის წყალობით“, – ეს განცხადება 5 მაისს გააკეთა ამირან გამყრელიძემ.
რა უნდა გაითვალისწინოს მედიამ ანტივაქსერული განცხადებების გაშუქების დროს და დღეს, როცა მსოფლიო ებრძვის პანდემიას, რომელმაც უკვე 300 ათასზე მეტი სიცოცხლე იმსხვერპლა, მართებს თუ არა მედიას უფრო დიდი სიფრთხილე ვაქცინასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებისას? ამ შეკითხვით „პუბლიკამ“ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარეს მიმართა.
„არსებული კრიზისის პერიოდში განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელებას — პანდემიის დროს გავრცელებულმა არაზუსტმა ინფორმაციამ შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს საზოგადოებას“. ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”, – ეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპია და სიზუსტის დაცვისთვის კი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რესპონდენტებისა და ექსპერტების სწორ შერჩევას, ასევე სანდო წყაროების მოძიებას.
როგორც ვხედავთ, განსაკუთრებით მოიმატა დეზინფორმაციის ნაკადმა კოვიდ-19-ის კრიზისის ფონზე და მათ შორის გააქტიურდნენ ანტივაქსერული ჯგუფები. სამწუხაროდ, მედიის ნაწილმა ხელი შეუწყო კონსპირაციული თეორიების პოპულარიციზაციას, იმის ნაცვლად, რომ ამ შეხედულებების უსაფუძვლობა დაემტკიცებინა და გაერკვია, რომელი ჯგუფები აქტიურობენ, რა ინტერესი შეიძლება ამოძრავებდეთ მათ. მაგალითად, ასე უპასუხისმგებლოდ ვრცელდება კორონავირუსის წინააღმდეგ ჯერ არშექმნილი ვაქცინის შესახებ სასულიერო პირების განცხადებები, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს საზოგადოებას. ამ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ჩამოყალიბებული სტანდარტის თანახმად მედიას აქვს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, ხელი არ შეუწყოს დეზინფორმაციის გავრცელებას — მოიძიოს სანდო წყაროები, ექიმები, ექსპერტები და შეახსენოს საზოგადოებას, რომ მრავალი საშიში ინფექცია, რის გამოც მილიონობით ადამიანი იღუპებოდა, ვაქცინაციის მეშვეობით აღმოიფხვრა და ინფორმირებული მოქალაქე უკვე თავად გადაწყვეტს როგორ მოიქცეს”, – განუცხადა „პუბლიკას“ ნანა ბიგანიშვილმა.
მიმდინარე წლის მაისში გამოქვეყნდა IDFI-ის მიერ მომზადებული პუბლიკაცია, სადაც ანტივაქსერულ მოძრაობასა და რუსულ პროპაგანდას შორის კავშირებზეა საუბარი.
მასალაში მსოფლიოში არსებული სურათთან ერთად მიმოხილულია ინფორმაცია საქართველოში ანტივაქსერულ მოძრაობებთან ასოცირებულ ჯგუფებებზე.
„მიუხედავად საქართველოში იმუნიზაციის პოზიტიური სტატისტიკისა, ვაქცინებთან დაკავშირებული რუსული დეზინფორმაცია საყურადღებოა იმდენად, რამდენადაც ამან შესაძლოა მნიშვნელოვანად შეცვალოს აღნიშნული პოზიტიური მაჩვენებლები. რუსული დეზინფორმაციის კამპანია, რომელიც პირდაპირაა მიმართული სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემების წინააღმდეგ, მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამედიცინო კუთხითაც. ერთი მხრივ, რუსეთი ამ გზით ცდილობს უნდობლობა, პოლარიზაცია და ქაოსი გააღვივოს უცხო ქვეყნებში, რაც პოლიტიკური რისკების შემცველია ამ საზოგადოებებისთვის. მეორე მხრივ კი, ჯანდაცვის უწყებებისა და მედიცინისადმი უნდობლობის გაჩენამ ხალხში შესაძლოა მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას ადამიანების ჯანმრთელობას, რასაც ანტივაქსერული კამპანიების გააქტიურების შემდეგ, ამერიკაში მომატებული წითელას შემთხვევებიც ადასტურებს“, – ნათქვამია IDFI-ის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაში.