მარნეულისა და ხუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ჯამდელიანმა) საკვირაო ქადაგებაზე ხელისუფლებას აზერბაიჯანელი ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის დემონტაჟი მოსთხოვა.
„ქალაქის მერი ამას როგორ უნდა კადრულობდეს?! მთელი კატეგორიულობით ვაცხადებ, ვაძლევ მათ გონივრულ დროს, თავისივე ხელით, კანონის შესაბამისად, დაიწყოს ამ საბჭოთა სიმბოლოს, ამ საბჭოთა პიროვნების ძეგლის დემონტაჟი… და გადაგდება ნაგავზე“, – განაცხადა ეპისკოპოსმა.
ეპისკოპოსის განცხადებით, თუ ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაცია იყო შეცდომა, ეს საჯაროდ უნდა აღიაროს მერმა და დაუყოვნებლივ უნდა მოიხადოს ბოდიში საზოგადოების წინაშე.
„როდესაც ქალაქის მერე ამას კადრულობს და როდესაც ფარულად ვითარცა მპარავი შუა ღამეს ამას კადრულობს, ეს არის უსინდისობა. მე პირდაპირ მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ და მოვუწოდებ დღევანდელ ხელისუფლებას, ჩაერიოს ამ ვითარებაში“, – განაცხადა მან.
სასულიერო პირი აცხადებს, რომ ნარიმან ნარიმანოვი სახელმწიფოებრიობის მტერია და მას დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს ტერიტორიული „მთლიანობის რღვევაში, ოკუპაციასა და მიწაწყლის ჩამოვილებაში“.
„რადგან აზერბაიჯანელის ძეგლია იმიტომ კი არ ვართ წინააღმდეგი. არამედ ესეთი მოღალატეები იყვნენ ფილიპე მახარაძე, ორჯონიკიძე, მათი ძეგლები ჩვენ ავიღეთ და გადავაგდეთ. ისინი იყვნენ საბჭოთა რეპრესიული მანქანის თანამსახურნი, თავკაცები რომლებმაც უამრავი ხალხი დახვრიტეს, მოაწყვეს რეპრესიები“, – განაცხადა ეპისკოპოსმა გიორგიმ.
ეპისკოპოსის მიმართვაზე საპასუხოდ „პუბლიკა“ მარნეულის მერიას დაუკავშირდა და მერის, ზაურ დარგალის პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
აზერბაიჯანელი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ნარიმან ნარიმანოვის მარნეულში მდებარე ძეგლის რესტავრაცია თებერვალში დაიწყო – „რადიო მარნეულის“ მიერ 3 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ძეგლზე არსებულ დაზიანებულ ფილებს ახლით ანაცვლებდნენ.