ევროპარლამენტის ყველაზე დიდი, 178-წევრიანი ფრაქცია – „ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადეკვატური მკურნალობა სათანადოდ აღჭურვილ კლინიკაში.
„ჩვენ კვლავ სერიოზულად გვაღელვებს ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოების პირობები, ასევე მისი, როგორც პატიმრის უფლებები, მათ შორის პრივატულობა და ღირსება, და როგორც პირი, რომლის მიმართაც სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. მას უნდა ჩაუტარდეს ადეკვატური სამედიცინო მკურნალობა სათანადოდ აღჭურვილ კლინიკაში“, – აცხადებს ევროპარლამენტარი, EPP-ის ჯგუფის საგარეო ურთიერთობათა სპიკერი მაიკლ გალერი.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ სამედიცინო კონსილიუმის რეკომენდაციები დაუყონებლივ უნდა შეასრულოს.
„საქართველოს მთავრობამ გასულ თვეში შექმნა სამედიცინო საბჭო – სპეციალური ორგანო, რომელიც მონიტორინგს უწევს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. თუმცა მისი რეკომენდაციები სრულად არ არის შესრულებული. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იგი სრულად და დაუყოვნებლივ შეასრულოს“, – განაცხადა გალერმა.
„ევროპის სახალხო პარტიის“ ვებგვედზე ვკითხულობთ, რომ მაიკლ გალერის განცხადება მოჰყვა „მედიის მიერ გავრცელებულ საგანგაშო ცნობებს, რომელსაც ომბუდსმენიც ადასტურებს – არასათანადო სამედიცინო აღჭურვილობის, ციხეში მყოფი სხვა პატიმრების მხრიდან სააკაშვილის მიმართ განხორციელებული მუქარისა და შეურაცხყოფის შესახებ.