EQAR-ის გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ - განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი

პუბლიკა

EQAR-ის გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ – საგანგებო პრესკონფერენციაზე თქვა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა მარგიშვილმა.

მისი განცხადებით –  “რეკომენდაციების დიდი ნაწილი, რომელიც ჰქონდათ, გამოსწორებულია, რჩება გარკვეული საკითხები, რაზეც მუშაობას ვაგრძელებთ და აუცილებლად უზრუნველვყოფთ, რომ EQAR-ის რეგისტრაცია ცენტრს რაც შეიძლება მალე აღუდგეს”.

როგორც გუშინ გახდა ცნობილი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ოფიციალურად შეუჩერდა EQAR-ის რეგისტრაცია.

მანამდე, 6 დეკემბერს, დარგის სპეციალისტებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა კარგავდა ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრისა და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის წევრობას.

სპეციალისტების განმარტებით, მიზეზი ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების დარღვევაა. შეფასებაში, რომელიც განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის ექსპერტთა ჯგუფმა მოამზადა, აღნიშნულია, რომ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი არაა და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა უნივერსიტეტებზე პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმად გამოიყენება.

ექსპერტების თქმით, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრობის დაკარგვა და ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრში (EQAR) რეგისტრაციის გაუქმება საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის (უსდ) ნიშნავს, რომ:

• საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა აღარ არის შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან, რაც უარყოფითად აისახება ჩვენი განათლების სისტემის რეპუტაციაზე, მის მიმართ არსებულ ნდობაზე და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე;

• ეჭვქვეშ დადგება საქართველოს უსდ-ების მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის სანდოობა და პრობლემური გახდება სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კრედიტების და დიპლომების საზღვარგარეთ აღიარება, განსაკუთრებით, ევროკავშირისა და ბოლონიის პროცესის/ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცის წევრ ქვეყნებში;

• საფრთხის წინაშე დადგება საქართველოს უსდ-ს მიერ განხორციელებული როგორც მოქმედი, ისე დაგეგმილი ერთობლივი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც კურსდამთავრებულებს ე.წ. ორმაგ აკადემიურ ხარისხს ანიჭებს;

• მკვეთრად გაუარესდება უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის, მათ შორის, საერთაშორისო მობილობისა და სხვა ტიპის თანამშრომლობის, ასევე, საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებლები. ეს კი, უარყოფითად აისახება როგორც სწავლების ხარისხზე, ისე უსდ-ების შემოსავლებზე.