ექიმ გიორგი ახობაძის განცხადებით, მას თავს დაესხნენ.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ახობაძე ჰყვება, რომ აეროპორტიდან ტაქსით მომავალს მანქანამ გზა გადაუჭრა, უცხო პირებმა თქვეს, რომ პოლიციიდან იყვნენ, ტაქსის უკანა კარი გააღეს და ახობაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„ეგენი არიან ლაშა ბასლანძის სამეგობროს მოგზავნილი ტიპები ან თვითონ ეგენი… შუა გზაში, შუა ქალაქში ტაქსის უცებ წინ გადაუყენეს მანქანა, პოლიციელებად წარმოგვიდგნენ და დაიწყეს ფიზიკური ძალადობა. რა თქმა უნდა, ამას არავინ გამოიძიებს. კამერებში ყველგან ჩანს, სადაც იყვნენ, აეროპორტშიც შევამჩნიე მანქანა, პოლიციამ რამდენჯერმე უთხრა, გაიწიეო და არ მიდიოდა. არავინ არ გამოიძიებს“, – განაცხადა გიორგი ახობაძემ.
ვიდეოს გავრცელების შემდეგ გიორგი ახობაძემ დაწერა, რომ 05:49-ზე დაუკავშირდა პოლიციას, თუმცა 2 საათი გავიდა და მასთან არავინ მისულა.
„05:49-დან, როცა ზარი შემოგივიდათ… უკვე 07:35-ია. 10 კმ-ია მანძილიო და გზაში ვართო… რითი მოდიხართ? ურმითაც მოხვიდოდით უკვე. სასწრაფო იყო უკვე, მე კარგად ვარ და ასე ვიქნები სულ, მაგრამ თქვენ რა გეშველებათ… ვემსახურები საქართველოსო და ემსახურებით ტერორისტებს… კრიმპოლი აღარ არსებობს ამ ქვეყანაში. იმის უფლება მაინც მოგვეცით, ჩვენ თვითონ დავიცვათ თავი!“, – დაწერა ახობაძემ.
ბოლო განახლების მიხედვით [10:20], ახობაძესთან პოლიცია ჯერ ისევ არ მისულა.