ექიმ-რეპროდუქტოლოგ მარინა გვახარიას მიმართვა თეა წულუკიანს

პუბლიკა

ქართველ-ამერიკელი რეპროდუქტოლოგი, ექიმი მარინა გვახარია „პუბლიკასთან” ექსტრაკორპორული განაყოფიერების რეგულაციას ეხმაურება და საქართველოს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მიმართვას.

მის მიმართვას „პუბლიკა” გთავაზობთ:

ქალბატონო თეა,

ამ წერილის მიზანია გამოვთქვა ჩემი შეშფოთება გესტაციური სუროგაციის შესახებ ბრძანების გამო.

ამ ბრძანების შედეგად, სუროგაციულ სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა ეზღუდებათ ან ეკრძალებათ მოწყვლადი ჯგუფების ადამიანებს, როგორიცაა უშვილობით დაავადებული პაციენტები, ქალები, არანორმატიული წყვილები და სხვა.

მე, როგორც რეპროდუქტიული მედიცინის პროფესიონალი, უშვილო პაციენტებს შევეხები.

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ერთი წლით მკურნალობის გადადება ბევრი პაციენტისთვის საგრძნობლად აქვეითებს ინ ვიტრო განაყოფიერების ეფექტურობას, ხოლო ზოგ შემთხვევაში თითქმის აბათილებს მისი წარმატების ალბათობას.

პაციენტები, რომლებიც სუროაგაციას საჭიროებენ, უშვილო პოპულაციის განსაკუთრებულად მოწყვლად ჯგუფს ეკუთვნიან. მათ ხშირად აღენიშნებათ საკვერცხის ფუნქციის დაქვეითება ასაკის ან პათოლოგიის გამო და, შესაბამისად, ერთწლიანი მოსაცდელი პერიოდი მათთვის შეიძლება განსაკუთრებით საბედისწერო აღმოჩნდეს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ თქვენი ბრძანების ეს თანდართული უარყოფითი ეფექტი უშვილო პაციენტებზე და მოიძიოთ ალტერნატიული საშუალება სუროგაციის პროცესის რეგულირებისთვის.

პატივისცემით,
ექიმი მარინა გვახარია


პალო ალტოს სამედიცინო ფონდის ინ ვიტრო ლაბორატორიის დირექტორი;

თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრებისა და მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის დაცვის შემდეგ, მარინა გვახარია 1993 წლიდან ამერიკაში, რეპროდუქციული ლაბორატორიული მედიცინის დარგში საქმიანობს – ჯერ ქალაქ ჰიუსტონში ბეილორის სამედიცინო კოლეჯში მუშაობდა, ხოლო 1997 წლიდან დღემდე კალიფორნიაში, ქალაქ სან ხოზეში პალო ალტოს სამედიცინო ფონდის ინ-ვიტრო განაყოფიერების ლაბორატორიის დირექტორია. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. 2007 წელს ექიმი გვახარია მიწვეული იყო ექსპერტად კალიფორნიის სენატში დონორობისა და სუროგაციის საკითხებზე სენატორებისთვის კონსულტაციების გასაწევად. მარინა გვახარია ლიცენზირებულია ანდროლოგიისა და ემბრიოლოგიის დარგებში, როგორც „მაღალი სირთულის ლაბორატორიის დირექტორი” და როგორც კალიფორნიის შტატის „კლინიკური ლაბორატორიის მეცნიერი“. სერტფიცირებულია ამერიკის პათოლოგიური ანატომიის კოლეჯის მიერ როგორც ლაბორატორიების ინსპექტორი და რეგულარულად ატარებს აშშ-ში ინ ვიტრო ლაბორატორიების ხარისხის შემოწმების ინსპექციებს. გარდა ამისა, 2012 წელს არჩეულ იქნა ამერიკის რეპროდუქციული ბიოლოგიის კოლეჯის პრეზიდენტად.

ამჟამად ჩართულია დამხმარე რეპროდუქციურ ტექნოლოგიებთან და კლინიკურ ლაბორატორიებთან დაკავშირებულ რამდენიმე საკანონმდებლი ინიციატივაში კალიფორნიასა და სხვა შტატებში.