ექიმები დღეს ბედნიერები არიან - ომი, მეტნაკლებად, მოვიგეთ - რატიანი მათთან მყოფ პაციენტებზე

პუბლიკა

„პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის“ ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკის სამედიცინო პერსონალი დღეს არის ძალიან ბედნიერი, რადგან პაციენტი, რომელსაც მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი ჰქონდა ყველა იმ გართულებით, რომელიც ამ დაავადებისა და მისი სომატური პათოლოგიისთვისაა დამახასიათებელი, გახდა კონტაქტური, ადეკვატური და გადაიყვანეს გამარტივებულ ფილტვის ვენტილაციაზე.

„ომი მეტ-ნაკლებად, მოვიგეთ, რადგან დღის ბოლომდე შესაძლებელია, მოიხსნას პაციენტი აპარატიდან. რაც შეეხება მეორე პაციენტს, რომელიც არის 80 წლის, არის კოვიდინფიცირებული, პლიუს გულის უკმარისობა, პლუს ასაკი, ამ ქალბატონათანაც მინდა გითხრათ, რომ კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებით, პარაკლინიკური კვლევებით,  სუბიექტური და ობიექტური მონაცემებით, დადებითი დინამიკა გვაქვს მიღწეული. იმედი გვაქვს, რამდენიმე დღეში ეს პაციენტიც მოიხსნება აპარატიდან“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

ექიმის განცხადებით, მათ კლინიკაში მოთავსებული პირველი პაციენტი, რომელსაც აქვს კორონავირუსი, იყო სომატურად დამძიმებული, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია.

„პირველადი ტესტით covid-19-ით ინფიცირება არ ვლინდება PCR მეთოდით. 24 საათში განმეორებით ჩაუტარდება და იმედი გვაქვს, ხვალ ეს ქალბატონი დატოვებს კლინიკას. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ COVID-19 არ არის მკვლელი, ამ ქალბატონის მაგალითზე შემიძლია, გითხრათ, რომ ქალბატონი იყო უმძიმესი, მწვავე რესპირატორული სინდრომით, მორბიტული სიმსუქნით, გულის უკმარისობით, არტერიული ჰიპერტენზიით, ჭარბი წონით. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა არის მკვეთრად გაუმჯობესებული”, – განაცხადა რატიანმა.

მან ასევე ჟურნალისტებს უთხრა, რომ კლინიკაში მოთავსებული ორსული ქალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და არ არის ნიშნები ნაყოფის დაინფიცირებისა. ასევე, რატიანის თქმით, კლინიკაში მოთავსებული სამივე ჩვილიდან არც ერთს არ აქვს კორონავირუსი და მათი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია.

„აზრი იმის შესახებ, რომ კოვიდი მკვლელია, არ შეესაბამება ამ ეტაპისთვის სიმართლეს. თუ მიზანმიმართულად ვუმკურნალებთ და პაციენტებიც შეგვიწყობენ ხელს, ყველა განიკურნება. ამ უმარტივესს ნუ გამოვიყენებთ ფსიქოლოგიური ტერორის როლში. ვიყოთ კარგ განწყობაზე, ვიბრძოლოთ სიცოცხლის გადარჩენისთვის”, – აცხადებს ის.