ექიმები განმარტავენ, ჯანმრთელობის რა საფრთხეები ემუქრება მზია ამაღლობელს, რომელიც მე-17 დღეა, შიმშილობს

პუბლიკა

აჭარაში ექიმებმა სპეციალურ ბრიფინგზე გამართეს და მოითხოვეს, რომ სანდო, მრავალპროფილური ექიმები დაუყოვნებლივ შეუშვან მზია ამაღლობელთან. ექიმებმა ბრიფინგზე განმარტეს, რა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას შიმშილობა.

მზია ამაღლობელი ციხეში უკვე მე-17 დღეა, შიმშილობს.

„მე-17 დღე შიმშილობის, მხოლოდ წყლის მიღება ძალიან სერიოზული და სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობაა. ამ დროს ორგანიზმში ენერგიის უკიდურესად დაბალი დონეა, რაც იწვევს შეუქცევად ცვლილებებს.

ჯანმრთელობის რა საფრთხეები ემუქრება მზია ამაღლობელს, თუ მზიას ჯანმრთელობა 100%-იანი იყო მაშინ, როცა ის შევიდა ციხეში, რა მდგომარეობა იყო, ეს კიდევ ცალკეა. შიმშილობის მე – 17 დღეს შესაძლოა, განვითარდეს ორგანოების უკმარისობა, როგორიცაა: გული, თირკმელები, ღვიძლი და სხვა მნიშვნელოვანი ორგანოების ფუნქციონირება [დაირღვეს].

ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტვინი ენერგიის დეფიციტის გამო იწყებს ფუნქციების შესუსტებას, რაც თავის მხრივ იწვევს გონების დაკარგვას, კომას და შესაძლოა, სიკვდილსაც. ირღვევა ელექტროლიტური ბალანსი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის არითმია, კუნთების სპაზმი და სხვა სერიოზული პრობლემები.

იმუნური სისტემის მხრივ, ორგანიზმი ხდება მგრძნობიარე ინფექციების მიმართ.

პაციენტს წარმოექმნება მენტალური პრობლემები: შიმშილი იწვევს დეპრესიას, აგრესიას და სხვა ფსიქიკურ აშლილობებს.

რატომ არის საშიში მხოლოდ წყლის მიღება – წყალი არ შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ ენერგიას, რომელიც მიიღება ნახშირწყლებიდან, ცილებიდან და ცხიმებიდან. ასევე ამ დროს ვითარდება ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

შიმშილობის საკითხი პენიტენციურ სისტემაში რეგულირდება მრავალი საერთაშორისო სტანდარტით, მათ შორის:

  • ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით
  • საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ;
  • მინიმალური სტანდარტებით პატიმრობის პირობების შესახებ (ნელსონ მანდელას წესები).

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან და მზია ამაღლობელის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის საფრთხის მაღალი რისკიდან გამომდინარე, ასევე ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, აქამდე პენიტენციურ სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტს ყოველდღიურად, საზოგადოებისთვის და ოჯახის წევრებისთვის, უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია მზია ამაღლობელის ყოველდღიური ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასევე უზრუნველეყო ჯანმრთელობის მდგომარეობის 24-საათიანი მონიტორინგი.

მზია ამაღლობელი ბოლო 45 წელიწადში საქართველოში ბრალდებული პირველი პატიმარი ჟურნალისტია, რომელსაც უკანონო ხელისუფლება სჯის მაღალეთიკური, უკომპრომისო და შეუპოვარი ბრძოლისთვის, სიმართლისთვის, ხელისუფლების დანაშაულებისა და შეცდომების მხილებისთვის. მზია ამაღლობელის დახსნა რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან საქართველოს მოქალაქეების უპირველესი ამოცანაა ისევე, როგორც დანარჩენი 53 უკანონო პატიმრის. ჩვენი მოთხოვნაა, სანდო, კვალიფიციური, მრავალპროფილური ექიმები, ეს იქნება კონსილიუმის თუ სხვა ფორმით, დაუყოვნებლივ შეუშვან მზია ამაღლობელთან. თითოეული აქ მდგომთაგანი მზადაა, რომ შესაბამისი პროტოკოლის დაცვით, შევიდეს მზია ამაღლობელთან. თავისუფლება მზიას! თავისუფლება პოლიტპატიმრებს! თავისუფლება საქართველოს დიქტატურისგან!“ – აცხადებენ ექიმები.

კიდევ ერთმა ექიმმა ბრიფინგზე თქვა, რომ შეიძლება თანდათანობით ამაღლობელის ჯანმრთელობა ისეთი ზიანი მიადგეს, რომელიც გახდება შეუქცევადი.

„შეიძლება გადარჩეს ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლე უფრო სწორად, მაგრამ ვერ გადარჩეს მისი ჯანმრთელობა და მე როგორც ვიცი, ქალბატონ მზიას არაერთი ქრონიკული დაავადება აქვს და ამ დროს ეს ვადები კიდევ უფრო მოკლდება. გამომდინარე აქედან, მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა და არ მგონია, არსებულ ხელისუფლებას აწყობდეს პაციენტის გარდაცვალება ციხეში, არ მგონია ეს მათი ინტერესიც იყოს. არ ვსაუბრობ მე სხვა მორალურ თუ პოლიტიკურ პრობლემებზე, რომლებიც ქვეყანაშია და რომელთა არდანახვა მარტო სირაქლემას პოზაში მყოფს შეუძლია“.