ექიმების ცნობით, სააკაშვილის მკურნალობა გართულების გარეშე მიმდინარეობს

პუბლიკა

გორის სამხედრო ჰოსპიტალი, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტის შემდგომ მკურნალობას გადის, ცოტა ხნის წინ დატოვეს ენდოკრინოლოგმა და რეანიმატოლოგმა და მათ მედიას სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები მიაწოდეს.

ენდოკრინოლოგ ელენე გიორგაძის ცნობით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და გართულებები არ აღენიშნება.

ექიმ-რეანიმატოლოგის, ინეზა სულამანიძის ცნობით, მიხეილ სააკაშვილის ლაბორატორიული პარამეტრები გაუმჯობესებულია.

„ყველა იმ დატვირთვას იტანს, რასაც ქალბატონი ელენე გიორგაძის რეკომენდაციით ვაძლევთ. შესაბამისად, არანაირი გართულება ამ ორი დღის განმავლობაში არ ყოფილა. დაკვირვება ისევ გრძელდება და გრძელდება ქალბატონი ელენეს მეთვალყურეობით, ის აკონტროლებს ყველა ულუფას საათობრივად, შემადგნელობას და დამზადების ტექნოლოგიას. რამდენიმე დღე არის საყურადღებო, მაგრამ შეგვიძლია, დამაჯერებლად გითხრათ, რომ ამ ეტაპამდე გართულება არ გვქონია. შეიძლება ითქვას, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია. გაუმჯობესებულია მისი თვითშეგრძნება, ის ძალიან მადლობელია იმ დახმარებისთვის, რასაც იღებს, არის დამჯერი პაციენტი. მისი ლაბორატორიული პარამეტრები გაუმჯობესებულია და დიდი იმედი გვაქვს, რომ შემდეგი დღეებიც გართულების გარეშე ჩაივლის“, – განაცხადა ინეზა სულამანიძემ.

რაც შეეხება სააკაშვილის ემოციურ მდგომარეობას, სულამანიძის ცნობით, სააკაშვილის მდგომარეობა ამ მხრივაც ნორმალურია, კომუნიკაციაში შედის მედპერსონალთან და მათი განმარტებების შემდეგ იღებს საჭირო მედიკამენტებსა და საკვებს.

„ფანჯრის გაღების საშუალებას, რასაკვირველია, აძლევენ და ვფიქრობ, ეს დისკომუნიკაციის თემები არ არის, ყველაფერი მოგვარებულია“, – აღნიშნა  ინეზა სულამანიძემ.

მიხეილ სააკაშვილი 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა და ამჟამად რეაბილიტაციის კურსს გადის.