ექიმების ნაწილი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, უზრუნველყოს საერთაშორისო გამოძიება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნივთიერებები გამოიყენა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საპროტესტო აქციების დაშლის დროს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში.
ისინი ასევე მოითხოვენ, ჩატარდეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკების კომპლექსური შეფასება, მოამზადოს პრევენციული რეკომენდაციები და დაეხმარონ დაზარალებულ პირებს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
განცხადებაში, რომლის ტესტსაც „ტაბულა“ ავრცელებს, ნათქვამია:
„მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, დასავლეთის დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებს, საერთაშორისო სამედიცინო ასოციაციებს, 2024 წელს საქართველოში გამართულმა ფართომასშტაბიანმა საპროტესტო აქციებმა და მათ დაშლასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა მნიშვნელოვანი საერთაშორისო და საზოგადოებრივი ყურადღება მიიპყრო.
სხვადასხვა საერთაშორისო მედიასაშუალებებში, მათ შორის BBC-ის მიერ ჟურნალისტური გამოძიების საფუძველზე გავრცელებულ მასალებში, გამოთქმულია ეჭვები, რომ აქციების მონაწილე მოქალაქეებს აღენიშნებოდათ ინტოქსიკაციის ნიშნები.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ეთანხმება ამგვარ შეფასებაში გამოთქმულ ვერსიებს წარმოშობილი უთანხმოება კიდევ უფრო ზრდის საზოგადოებრივ კითხვებს და საჭიროებას ობიექტური, დამოუკიდებელი ანალიზის.
საყურადღებოა ამ საკითხზე ექიმების მიერ შესრულებული სამეცნიერო კვლევაც, რომელიც გამოქვეყნდა ერთ-ერთ მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალში, Toxicology reports-ში. კვლევაში წარმოდგენილი სტატისტიკურად სარწმუნო მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საპროტესტო აქციაში მონაწილე პირებს მეტად აღენიშნებოდათ კარდიოვასკულური ცვლილებები საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, რაც ქმნის საჭიროებას საერთაშორისო სტანდარტებით ობიექტური ექსპერტიზის.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას:
-
უზრუნველყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სამართლის, მათ შორის საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართლის, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, ქიმიური აქტებისა და ტოქსიკური აგენტების გამოყენებასთან დაკავშირებული საერთაშორისო კონვენციების სტანდარტებს.
-
საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყონ კვალიფიციური სამართლებრივი რეაგირება, რომელიც დაეყრდნობა მტკიცებულებებზე დაფუძნებულ შეფასებებს და საერთაშორისო სამართლის სავალდებულო ნორმებს.
- ჩაატაროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკების კომპლექსური შეფასება, მოამზადოს პრევენციული რეკომენდაციები და დაეხმაროს დაზარალებულ პირებს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“. – ნათქვამია განცხადებაში.
1 დეკემბერს BBC-იმ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმადაც, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების დასაშლელად I მსოფლიო ომში გამოყენებული ტოქსიკური ნაერთი, „კამიტი“, ანუ ბრომობენზილის ციანიდი გამოიყენეს.
ის, რომ წყლის ჭავლში, სავარაუდოდ, ქიმიური ნივთიერებები იყო შერეული, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დაწყებისთანავე განაცხადეს როგორც ჟურნალისტებმა, ასევე ექიმებმა და სამოქალაქო ორგანიზაციებმა. 2024 წლის 30 ნოემბერს ალექსანდრე დარახველიძემაც არ უარყო, რომ წყლის ჭავლში, რომლითაც პოლიცია ბოლო ორი დღის განმავლობაში აქციაზე დემონსტრანტებს შლიდა, გარეული იყო „სხვა ნივთიერებაც“.
„საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, წყლის ჭავლში გარეული იყოს შესაბამისი ნივთიერებები, გაზი იქნება თუ სხვა რამ“, – თქვა მაშინ დარახველიძემ. თუმცა, მისივე მტკიცებით, ყველაფერი კანონიერად მოხდა.
ის, რომ წყლის ჭავლში გაზს ურევდნენ, 2024 წლის 24 ოქტომბერს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმაც დაადასტურა.
წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შერევას ადასტურებს ირაკლი კობახიძეც. „ოცნების” პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ წყალში შერეული არ ყოფილა „კამიტი“, ხოლო იმას, თუ რა ნივთიერება იყო გამოყენებფული, „გამოძიება დაადგენს”.
BBC-ის გამოძიების თანახმად, მათ მოიპოვეს კონფიდენციალური დოკუმენტი – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2019 წლის ინვენტარიზაციის სია, მისი ნამდვილობა დაადასტურეს. დოკუმენტში მათ ორი საყურადღებო ნივთიერება აღმოაჩინეს:
- ქიმიური ფხვნილი, კოდით – UN3439, რომელიც სამრეწველო ქიმიკატების დიდ ჯგუფს აერთიანებს, თუმცა, BBC-ის მიხედვით, ამ ჯგუფიდან ისტორიულად მხოლოდ „კამიტი“ გამოიყენებოდა დემონსტრანტების წინააღმდეგ.
- ქიმიური სითხე, კოდით – UN1710. რომელიც გამოცემის მიხედვით, ტრიქლოროეთილენია და ქიმიური ნივთიერებების წყალში გასახსნელად გამოიყენება. ტრიქლოროეთილენი კარცეროგენია.
დოკუმენტში ამ ნივთიერებების შეზავების წესებიცაა შეტანილი. BBC გდდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ესაუბრა ლაშა შერგელაშვილი, რომელიც გდდ-ში შეიარაღების უფროსი იყო, ამბობს, რომ 2009 წელს მას ახალი ნივთიერების ტესტირება სთხოვეს სწორედ იმ კოდებით, რომლებსაც მიაკვლია ბრიტანულმა გამოცემამ.
გამოცდისას შერგელაშვილმა აღმოაჩინა, რომ გამოყენებული ნივთიერება ჩვეულებრივზე 10-ჯერ ძლიერი იყო. შერგელაშვილი ამბობს, რომ ყოფილმა კოლეგამ მას დაუდასტურა საპროტესტო აქციებზე ამ ნივთიერების გამოყენება.
BBC-ის განცხადებით, გდდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა მათ დაუდასტურეს, რომ შერგელაშვილის მიერ დასახელებული ნივთიერება მათ პროტოკოლში ნამდვილად წერია.