ექიმებისგან მოდის სიგნალი, რომ შესაძლოა, მდგომარეობა ვეღარ დაიჭირონ - ჯაფარიძე სააკაშვილზე

პუბლიკა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბრიფინგი გამართა პარტია „ნაციონალური მოძრაობისა“ და თბილისის საკრებულოს წევრმა, სოფო ჯაფარიძემ.

როგორც რამდენიმე დღის წინ თავად მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, სოფო ჯაფარიძე მისი წარმომადგენელი იქნება საზოგადოებასთან კომუნიკაციის საკითხში.

სოფო ჯაფარიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ამიტომ მიმართავენ სახალხო დამცველსა და საერთაშორისო პარტნიორების რეაგირებისთვის.

„საკმაოდ რთულია და სისტემური ფორმა მიიღო პრეზიდენტის სიცოცხლის შენარჩუნების ღონისძიებების საჭიროებამ. აღსანიშნავია ის ფაქტი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოდის სამედიცინო პერსონალისგან სიგნალები, რომ ისინი შიშობენ, შეიძლება მდგომარეობა ვეღარ დაიჭირონ. ასევე ძალიან საყურადღებოა ის ფაქტი, რომ არაერთი შეუსაბამობა და ურთიერთგამომრიცხავი ჩანაწერები არის მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დოკუმენტაციაში. მივმართავ სახალხო დამცველს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს –  დაუყოვნებლივ მოხდეს რეაგირება, “ – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის საბრძოლო განწყობა უცვლელია და  ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, აქტიურად აგრძელებს რუსულ რეჟიმთან ბრძოლას.

„ასევე, მინდა გაცნობოთ სიხარულით, რომ ძალიან მალე, სულ რამდენიმე დღეში გაიხსნება მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი მისაღები. ის მზად არის თქვენთან დიალოგისთვის, მას ძალიან დიდი სურვილი აქვს, როგორ ყოველთვის, ჩვენს მოქალაქეებთან იყოს უშუალო კომუნიკაციაში და გელოდებით ყველას, ვისაც სურვილი გაქვთ, რომ მას მიაწვდინოთ ხმა, გაუზიაროთ თქვენი მოსაზრებები. ის აუცილებლად მიიღებს ყველას გზავნილს და ყველას გიპასუხებთ. სულ რამდენიმე დღეში იქნება ოფისი და დეტალებს სულ მალე გაცნობებთ, “ – თქვა მან.