აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი ბოჭორიშვილის კლინიკაშია. მისი მკურნალი ექიმი ამბობს, რომ დაზიანებები ძირითადად სახის არეში აქვს მიყენებული და ახლა კლინიკაში შესაბამისი კვლევები უტარდება.
ექიმი ილია ოქროჯანაშვილი ამბობს, რომ კვლევების დასრულების შემდეგ, დაზიანებებიდან გამომდინარე გადაწყვეტენ, დატოვებენ თუ არა ზუკა ბერძენიშვილს კლინიკაში.
ჟურნალისტის შეკითხვას, აქვს თუ არა მას მოტეხილობები, ექიმმა უპასუხა, რომ ,,ჯერ კვლევის პროცესშია”.
,,ძირითადად აღენიშნება სახის მიდამოს რბილი ქსოვილების ტრავმა. ამ ეტაპზე იმყოფება კვლევის პროცესში. დინამიკში განვსაზღვრავთ მკურნალობის ტაქტიკას” , – თქვა ექიმმა ილია ოქროჯანაშვილმა.
აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილს თავს დღეს დაესხნენ.
როგორც მოგვიანებით თავად დაწერა, სამი ადამიანი დაგდებულს ურტყამდა, ერთი კი ეუბნებოდა – შენ თუ თავში არ გესროლოო.
მანამდე კი ნაცემი ზუკა ბერძენიშვილის ფოტო აქტივისტმა სალომე ბარკერმა სოციალურ ქსელში დადო და წერს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის პოსტიდან ერთ საათში ბერძენიშვილს სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.