ექიმი: გაფრინდაშვილს ჰქონდა ნახეთქი ჭრილობა და მოხდა გაკერვა, მდგომარეობა სტაბილურია

პუბლიკა

ინგოროყვას კლინიკის ექიმი „ტვ პირველის“ ჟურნალისტის, მარიამ გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ექიმის თქმით, გაფრინდაშვილს ჰქონდა ნახეთქი ჭრილობა და მოხდა გაკერვა.

„ჩაუტარდა ჭრილობას პირველადი დამუშავება. მას ჰქონდა ნახეთქი ჭრილობა მარჯვენა შუბლის არეში. მოხდა ჭრილობის დამუშავება, გაკერვა. ახლა მიმდინარეობს მაღალტექნოლოგიური, რადიოლოგიური კვლევები. ამ მომენტისთვის თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს, სხვა რაიმე ჩივილები არ აქვს. მოძრაობის სიფართე კიდურებში თანაბარია, ნევროლოგიური გასინჯვით მას სხვა არანაირი დაზიანება არ აქვს ამ ეტაპისთვის.

ჩივილების მიხედვით, იგი უჩივის მსუბუქ თავბრუსხვევას, თავის ტკივილს. ალბათ, უმჯობესია, რომ მეთვალყურეობის მიზნით დარჩეს კლინიკაში. თუ თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე არ იქნება დაზიანება, 24 საათის შემდეგ შეუძლია დატოვოს კლინიკა.

ჰქონდა თავბრუსხვევა, გულისრევის შეგრძნება. იყო ემოციურად ძალიან დატვირთული, თუმცა ამ წუთას არის მშვიდად. ითხოვს ბინაზე გაწერას, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა დავტოვოთ მეთვალყურეობისთვის კლინიკაში დაახლოებით 24 საათი. მსუბუქი ტვინის შერყევის კლინიკაა. სხვა არაფერს უჩივის. დამაკმაყოფილებელია ჰემოდინამიკა, სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილური აქვს”, – განაცხადა ექიმმა.

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე „ტვ პირველის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი და მისი ოპერატორი პაპუნა ხაჩიძე დაშავდნენ.

სპეცრაზმელები აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებიან, გამოიყენეს წყლის ჭავლიც.