ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ყოფილი ბენეფიციარი, რომელიც დღეს 19 წლისაა და იქაურობა 15 წლის ასაკში დატოვა, „რადიო თავისუფლებას“ უამბობს, რა ხდებოდა პანსიონში წლების განმავლობაში.
ის იხსენებს ძალადობისა და დასჯის მეთოდებს, რომელსაც, მისი თქმით, პანსიონში მასწავლებლები იმ შემთხვევაში მიმართავდნენ, როცა მათ მითითებებს არ ასრულებდა და ეწინააღმდეგებოდა.
„მე მოვხვდი მანდ 2001 წელს. ოჯახს არ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ მოვეარე, მშობელმა დედამ დამტოვა ერთი კვირის ასაკში ჭიშკართან, მერე შემიყვანეს შიგნით. რომ წამოვიზარდე და ასე თუ ისე ჭკუა მომეკითხებოდა, გავერკვიე, თუ რა ხდებოდა შიგნით. იყო იმნაირი საქციელები, რისი პროტესტიც დავიწყე და ამის გამო მომიწია ძალიან ბევრი ცემა, 24 საათი ბრინჯზე, პურის მარცვალზე დაყენება მუხლებით და არაერთი რეიკის და სახაზავის გადამტვრევა ჩემს გვერდებზე და თითებზე.“
„2009 თუ 2010 წელი იყო, მე მაქედან სამი ბავშვი გავაპარე, ღობეზე გადავძვერით. იყო დახვეული რკინის მავთულები, როგორც ციხეშია ისე და შევიპარეთ „კაჩიგარიაში “ 4 ბიჭი. ამ გაპარვას დიდი ხანი ვგეგმავდით. „სეკატორი“ დავითრიეთ ვენახის საჭრელი მაკრატელი და მაგით გადავჭერით. ვიპარებოდით, როცა მე გამიკეთეს დამაძინებელი და სამი დღე მეძინა.
მე რომ არ მინდოდა რაღაცის გაკეთება სულ ვდგებოდი და გავრბოდი გარეთ, იმიტომ, რომ მე გარეთ ვწყნარდებოდი. მარტო მერჩივნა ყოველთვის ყოფნა და იყო იმნაირი ფაქტებიც, რომ მადევნებდნენ დიდ ბიჭებს – 17-18 წლამდე ბიჭებს. ეგენი დამიჭერდნენ, წამიყვანდნენ ექიმთან და ექიმი ნემსს მიკეთებდა, დამამშვიდებლებს, რომ გათიშული ვყოფილიყავი…
მეტანიების გაკეთებითაც იყო დასჯა. გვაკეთებინებდნენ ბუქნებს, როცა თვითონ მოუნდებოდათ და მოესურვებოდათ, გეტყოდნენ, ადექი, ბუქნები გააკეთეო. არ გააკეთებდი, გცემდნენ. მე ძალიან ბევრჯერ მომიწია ლოგინის რეიკით ცემა, სკამის ჯოხით ცემა… არ ვსწავლობდი გაკვეთილს, ხელს მადებინებდნენ და ხის სახაზავს მირტყამდნენ, თუ არ წერ, მაშინ ხელი რად გინდაო.“
ის იხსენებს, რომ 15 წლის იყო, როცა ერთმა ოჯახმა მისი შვილად აყვანა გადაწყვიტა. სწორედ მათი დახმარებით იპოვა დედა, რის შემდეგაც პანსიონი დატოვა.
„მე ვიყავი, რომ წამოვედი მაქედან 15 წლის. ჩემი შვილება უნდოდა ერთ ოჯახს – ცოლ-ქმარი იყო პოლიციელები და მეუფემ არ გამაშვილა. იმ პოლიციელმა მკითხა, რა გინდაო, რით შემიძლია დაგეხმაროო. მე ვუთხარი, მე მინდა ოჯახის ნახვა-მეთქი. მაინტერესებს მე ჩემი კითხვები მაქვს, რატომ მიმატოვეს, რატომ დამტოვეს-მეთქი. მაგ პოლიციელმა შეძლო იმდენი, რომ გამირკვია, ჩემი ოჯახი ვინ იყო და სად ცხოვრობდა. მერე მოვთხოვე მასთან დაკავშირება. იმ ადამიანის დახმარებით დედაჩემმა გაიგო, რომ მე ისევ იმ ბავშვთა სახლში ვიყავი, სადაც თვითონ დამტოვა. მე მაქედან დედაჩემის მოსვლიდან დაახლოებით 3 თვეში წამოვედი. გავიგე ის ფაქტები, რომ დედაჩემი არაერთხელ ყოფილა მანდ მოსული და უთქვიათ, რომ ეს ბავშვი აქ აღარ არის. ის სხვამ წაიყვანა. ბევრ ბავშვს ასაღებდნენ, რომ ვითომ არ იყო იქ. სინამდვილეში იყვნენ და მალავდნენ. საბოლოოდ მე პოლიციელმა მომიყვანა დედაჩემი და წამოვედი. ახლა ვცხოვრობ მარტო. ცოლი მოვიყვანე. პატარა შვილი მყავს.“
სახალხო დამცველის რწმუნებულებს დღემდე არ მისცემიათ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლისა და კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების – ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის – შესაძლებლობა. სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე) ამბობს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები პანსიონში მისი კურთხევით არ შეუშვეს.
7 მაისს ცნობილი გახდა, რომ გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოსცა, რომლითაც დააკმაყოფილა ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 5 მაისის საჩივარი და მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში, ყველა შესაბამისი უწყების მიერ, მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა.
19 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები განმეორებითი ვიზიტით იმყოფებოდნენ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, თუმცა გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, მონიტორინგის შესაძლებლობა ისევ არ მიუციათ.