ექიმი თირქიაზე: მკვეთრი გაუმჯობესებაა ყველა პარამეტრის, ამ ეტაპისთვის მისი რეანიმაციაში დაყოვნება აღარ არის საჭირო

პუბლიკა

ინგოროყვას კლინიკის კლინიკური დირექტორის, კახაბერ ჭელიძის განცხადებით, ანტირუსულ საპროტესტო აქციაზე დაშავებული 21 წლის ალექსანდრე თირქიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა და რეანიმაციაში მისი დაყოვნების საჭიროება აღარ არსებობს. მის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

„საგრძნობი პროგრესია 21 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის თვალსაზრისით. მკვეთრი გაუმჯობესებაა ყველა პარამეტრის, მათ შორის, მხედველობისაც. მართალია, 100%-ით არ აღმდგარა მხედველობა, არც არის ასე ხანმოკლე პერიოდში მოსალოდნელი ასეთი ნახტომი, მაგრამ, პაციენტის შეფასებითვე, დაახლოებით 60-70% უკვე აღმდგარია. საექიმო შეფასებებიც დაახლოებით ემთხვევა პაციენტის შეფასებებს. ყველა პარამეტრი სტაბილურია, თუმცა მისი მდგომარეობა საყურადღებო გახლავთ.

ამ ეტაპისთვის მისი დაყოვნება რეანიმაციულ დეპარტამენტში აღარ არის საჭირო და ალბათ დღეს ის გადაყვანილი იქნება იზოლირებულ პალატაში. პაციენტის ყველა ქცევა, მოქმედება გახლავთ ცნობიერი. ითხოვს ადგომას. ბუნებრივია, შეზღუდული გვაქვს გარკვეული მოსაზრებებით სრული თავისუფლება, ასისტირებით ის გადაადგილდება კიდეც. ასე რომ, მისი მდგომარეობა დღესდღეობით დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა.


21 წლის ალექსი თირქია 3 დეკემბრის აქციაზე დაშავდა.

ექიმის თქმით, კაცი კლინიკაში შეიყვანეს სკალპის ღია ჭრილობით, შუბლის ძვლისა და თვალბუდის ზედა კიდის კედლის მოტეხილობით, შუბლის წილის კონტუზიური დაზიანებით. მას ოპერაცია ჩაუტარდა.

ექიმისვე ცნობით, პაციენტი ამბობს, რომ ჰქონდა ტრავმა ბლაგვი საგნით, თუმცა, გონება დაკარგა და მომხდარს ზუსტად ვერ იხსენებს.

ექიმის ინფორმაციით, თირქიას ოპერაციის შემდეგ ჩაუტარდა განმეორებითი კომპიუტერული ტომოგრაფია უარყოფითი დინამიკის გარეშე. მისივე განცხადებით, ჭრილობაში უცხო სხეული არ უნახავთ.

ახალგაზრდა კაცს სახეზე, სავარაუდოდ, სპეცრაზმის მიერ ნასროლი გაზის კაფსული მოხვდა.

დაშავებულის ბიძამ, იოსებ ჩანადირმა განაცხადა, რომ ალექსიმ ბებიას დაურეკა და უთხრა, რომ ალყაში იყო და ამ საუბრის დროს მის მეგობარ გოგოს ფეხში, ხოლო თავად მას სახეში, წარბის არეში, მოხვდა ე.წ. გაზის კაფსული.