ექიმის ცნობით, გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

პუბლიკა

ოკუპირებული ცხინვალის საპატიმროდან თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანილი გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალის ექიმმა, გიორგი გვიმრაძემ წუხელ მედიას განუცხადა, რომ ის მართვით სუნთქვაზე, კომატოზურ მდგომარეობაშია. კლინიკაში დღეს დილით განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.

„პაციენტი გადმოყვანილია კრიტიკულ მდგომარეობაში, არის მართვით სუნთქვაზე, კომატოზურ მდგომარეობაში. ჰემორაგიული ინსულტია ამ ეტაპზე დადგენილი. მოცემული მომენტისთვის პროგნოზი შეუძლებელია“, – განაცხადა მან.

გენადი ბესტაევი თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე წუხელ 16 ნოემბერს გადმოიყვანეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, „ცხელი ხაზით“ მიიღეს ცნობა, რომ მას 15 ნოემბერს განუვითარდა ინსულტი, გვიან ღამით კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა.

საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გენადი ბესტაევის გადაყვანის შემდეგ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ ბიბილოვმა ბესტაევი „შეიწყალა“, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.

ზარდიაანთკარში მცხოვრები ბესტაევი საოკუპაციო რეჟიმმა 2019 წლის 21 ნოემბერს საზღვრის კვეთის ბრალდებით უკანონოდ დააკავა. მოგვიანებით მას ბრალად ნარკოტიკების კონტრაბანდაც დაედო. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ, 3 წლით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.