ექიმის თქმით, ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული 25 წლის ბიჭის მდგომარეობა მძიმეა. „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკური დირექტორის, გიორგი კორძახიას კომენტარს „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
ექიმის თქმით, პაციენტი უგონო მდგომარეობაშია, არის აპარატულ სუნთქვაზე.
„კლინიკაში ამჟამად 25 წლის მამაკაცი რჩება, რომლის მდგომარეობაც საკმაოდ მძიმეა, აღენიშნება ღია ქალატვინისა და გულ-მკერდის დაზიანება. პაციენტი არის უგონო მდგომარეობაში, იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და არის აპარატულ სუნთქვაზე.
ჩვენთან კლინიკაში ასევე კიდევ 2 პაციენტი იყო გადმოყვანილი, აქედან ერთი არის პედიატრიული ასაკის – 12 წლის. მოზარდი გარკვეული რეკომენდაციებით ბინაზე ეწერება. ერთმა პაციენტმა ღამის საათებში დატოვა კლინიკა, რომელსაც მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა“,- აცხადებს კლინიკის ექიმი „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.
ორთაჭალაში, ნიკოლოზ ჩხეიძის ქუჩაზე 9-სართულიან კორპუსში აფეთქება გვიან ღამით მოხდა. აფეთქების შედეგად დაიღუპა 1 ადამიანი, 4 დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ასაკოვანი კაცია.