ზუგდიდში ხანძრის შედეგად დაზარალებული ორი მოზარდი კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც ექიმი მედიასთან აღნიშნავს, მათ თავდაპირველად მსუბუქი ინტოქსიკაციის ნიშნები ჰქონდათ, თუმცა ამ ეტაპზე მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ კომენტარი ექიმმა „მთავარ არხთან” გააკეთა.
„მომხდარი ინციდენტის შედეგად სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ ღამის საათებში შემოყვანილი იქნა ორი მოზარდი, რომლებიც მოთავსდნენ გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში. მსუბუქი ინტოქსიკაციის ნიშნებით იყვნენ შემოყვანილი, ორივეს გაეწია შესაბამისი პირველადი დახმარება. ორივე მათგანის მდგომარეობა ამ წუთისთვის არის დამაკმაყოფილებელი. ჯერჯერობით კლინიკაში რჩებიან დაკვირვების მიზნით. დამწვრობის ნიშნები არ აღენიშნებათ”, – აღნიშნავს ექიმი.
გუშინ, ღამით, ზუგდიდში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა. მეზობლები მედიასთან ამბობენ, რომ ინციდენტის დღეს ოჯახს დენი და გაზი გადაუხდელობის გამო არ მიეწოდებოდა. მათივე ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი მცირეწლოვნები მინდობით აღზრდაში იმყოფებოდნენ, რაღაც დროის წინ კი, როცა დედას შემოსავალი გაუჩნდა, შვილები დაიბრუნა.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
„ენერგო-პრო ჯორჯიაში” აცხადებენ, რომ გამოძიების დასრულებამდე კომენტარს არ აკეთებენ. „პუბლიკა” დამატებითი დეტალებისთვის დაკავშირებას სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ცდილობს.