ექიმი ამბობს, რომ ლაშა გაბიტაშვილს, რომელსაც დღეს დილით სამი ნიღბიანი პირი დაესხა თავს, ტვინის შერყევა აქვს.
„მისი გადმოცემით, სახლიდან გამოსვლის დროს თავს დაესხა სამი პირი, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა – მისი გადმოცემით, ურტყეს თავში, სახეში, გულ-მკერდის არეში. შემოსვლისას ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, ჩაუტარდა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია. პაციენტს აღენიშნება თავის ტვინის შერყევა, შევთავაზეთ ჰოსპიტალიზაცია, თუმცა აცხადებს უარს და ამბობს, რომ ხელწერილის საფუძველზე დატოვებს კლინიკას”, – განაცხადა ექიმმა.
ლაშა გაბიტაშვილს დღეს დილით თბილისში სამი ნიღბიანი თავს დაესხა – ის ვიდეოში ჰყვება, რომ შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ძაღლს ასეირნებდა.
„ჩამოვედი, ბრუნო ჩამოვიყვანე და თავს დამესხა სამი ნიღბიანი, კამერები არის. ვერავის ვერ შეაშინებთ, დრო არის, რომ ახალი არჩევნები ჩაინიშნოს და ის ხალხი, ვინც ციხეშია, გამოუშვან”, – ამბობს ის.
„პუბლიკა” მომხდარზე ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებას.
ლაშა გაბიტაშვილი აბუ-დაბიში „ოცნების“ წევრებთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაკავებული იყო – 12 იანვარს გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ ის „ქართული ოცნების” წევრებთან მიდის და პროტესტს გამოხატავს.
„იმ ღამეს, სანამ აბუ-დაბიში ჩავედი, ვუყურე, რაზე დაიჭირეს მზია ამაღლობელი და პირველი მისვლაც ამ ყველაფერმა გამოიწვია, რომ ამ ხალხისთვის, რომელიც ჩემი გადახდილი გადასახადებით იღებს ხელფასს და საჯარო პირები არიან, საჯაროდ მეკითხა და ტელეფონზე გადავიღე ეს ყველაფერი, იმიტომ რომ თვითონ როცა სჭირდებათ რამის თქმა, საჯაროობა არ აკლიათ.
მივარდნა და ჩხუბი, არაფერს არ მაძლევდა. მივედი თავიდან ზრდილობიანად, მივესალმე, ვკითხე, იცით დილას რა მოხდა-მეთქი? არანაირი ქალი ოჯახის წევრი, ბავშვი [ არ მიხსენებია] ამაზე სპეკულაცია, ხომ იცით, რატომ ხდება, რომ თავის მხარდამჭერებში მოახდინონ ამის ემოციური აღქმა. [მაგიდასთან იყო] არალეგიტიმური პარლამენტის 4 წევრი, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საქართველოში მიმდინარე პროცესებზე”, – ჰყვებოდა გაბიტაშვილი.
მეორე დღეს, 13 იანვარს მას ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე ფიზიკურად გაუსწორდნენ. გაბიტაშვილის თქმით, სასტუმროში საუზმობდა, როცა მალევე გამოჩნდა ირაკლი ზარქუა. გაბიტაშვილი ამბობს, რომ გაეღიმა, რადგან დაპირისპირების მესამე ეტაპს მოელოდა და ტელეფონის ასაღებად წაიღო ხელი, ამის შემდეგ კი ზარქუამ უთხრა, „რა ტელეფონს იღებო“ და საჭმლიანი თეფში მოუქნია.
ლაშა გაბიტაშვილის თქმით, მან ამ ჩხუბის დროს იცნო ვიქტორ სანიკიძე, ირაკლი ზარქუა და გელა სამხარაული. მანვე გამოუძახა პოლიციას. გაბიტაშვილი ვარაუდობს, რომ პოლიციაში დარეკა სასტუმროს მენეჯმენტმაც.
მას ახსოვს, რომ მასთან ერთად უცნობი პირი და სასტუმროს დაშავებული თანამშრომელი გაიყვანეს, თუმცა არ ახსოვს, რა მოხდა კონკრეტულად.
ლაშა გაბიტაშვილმა დაადასტურა, რომ „ოცნების“ წევრებს და მას ერთი და იგივე ბრალდება ჰქონდათ წარდგენილი და ჯარიმა დაეკისრათ.
გაბიტაშვილის თქმით, „ოცნების“ წევრები დიპლომატიური პასპორტით და დეპუტატის იმუნიტეტის სარგებლობას ცდილობდნენ, თუმცა არ გამოუვიდათ.