დროებით ოკუპირებულ გალის რაიონში, ჭოლარიების ოჯახში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული ქალი, დაღუპული ბავშვების ბებია, რუხის სამედიცინო დაწესებულებიდან ქუთაისის რეფერალურ კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმის თქმით, პაციენტი საშუალო სიმძიმისაა და მისი მდგომარეობა სტაბილურია.
სოფელ საბერიოში ჭოლარიების ოჯახის კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა, რომელმაც 5 ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ბავშვები სახლში ბებიასთან ერთად იყვნენ, მათი მშობლები კი ზუგდიდში იმყოფებოდნენ.
„პაციენტი გადმოყვანილ იქნა რუხის კლინიკიდან დილის 7 საათზე, თერმული დამწვრობებით სახისა და წინა მხრის არეში. შემოსვლისას პაციენტის ზოგადი მდგომარეობა იყო საშუალო სიმძიმის, კონტაქტური ადეკვატური, აღენიშნებოდა დამწვრობითი ჭრილობები სახისა და ორივე წინა მხრის არეში. […] ჩაუტარდა ჭრილობების დამუშავება ქირურგიული, შეხვევა ასეპტიურად და გადაყვანილ იქნა ქირურგიულ განყოფილებაში. ამჟამად მდგომარეობა რჩება საშუალო სიმძიმის, სტაბილური, განაგრძობს მკურნალობას ქირურგიულ განყოფილებაში“, – თქვა ექიმმა ზურაბ წულაიამ „მთავარ არხთან“.