თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე სახალხო დამცველის კონსილიუმის ექიმი, ნევროლოგი თენგიზ წულაძე გამოიკითხა.
თენგიზ წულაძის განმარტებით, ანორექსია და კახექსია იწვევს მადის დაქვეითებას, გულისრევას, რის შედეგადაც მიხეილ სააკაშვილი საკვებს ვეღარ იღებს. მისი თქმით, სააკაშვილს კახექსიის მეოთხე დონე აქვს, კახექსია მძიმე დიაგნოზია და სიცოცხლის ხანგრძლივობას მკვეთრად ეხება.
„თავიდან, როდესაც შიმშილობა დაიწყო, ალბათ, არ ჭამდა. ახლა ვეღარ ჭამს.
ეს არ არის პაციენტის მხრიდან მართვადი. ასე ადვილად ვერ მართავს. მკურნალობის თავისი პროტოკოლი აქვს და ალბათ, კოლეგები მკურნალობენ. არ ვიცი, ამ ბოლო დროს, რას აძლევენ“, – განუმარტა მან ადვოკატს.
ექიმის თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილი წონაში კლებას გააგრძელებს და 52 კილოგრამს ჩამოსცდება, მოკვდება.
„თუ პაციენტი წონაში კლებას გააგრძელებს და მასის ინდექსი 14-ზე ჩამოვა, ანუ წონა 52 კილოგრამზე ქვევით ჩამოვა, მოკვდება. როდესაც ჩვენ ეს ინდექსი ვნახეთ, 20 თუ 21 იყო.
კახექსია დემენციაზე უფრო მძიმეა. ჩვენ დავთვალეთ კალორაჟი და ვნახეთ, რომ 400 კალორიას იღებდა. სასიცოცხლო ფუნქციები რომ შევინარჩუნოთ, მისთვის 1100 კალორიაა აუცილებელი. თუმცა, ზოგადად, მაგ კომპლექციის მქონე ადამიანმა 1800-2000 კალორია უნდა მიიღოს“, – განაცხადა თენგიზ წულაძემ.
დღევანდელ პროცესს დისტანციურად ჩაერთო ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც სასამართლოს თავისი წონის კლების სადემონსტრაციოდ სხეული აჩვენა.
დისტანციური ჩართვიდან ჩანდა, რომ მიხეილ სააკაშვილი სუსტადაა და ლაპარაკი უჭირს. მას მოსამართლემ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჰკითხა, რაზეც უპასუხა, რომ მისი ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესებულია. შემდეგ მან მოითხოვა უკრაინულ ენაზე საუბრის გაგრძელება.
სააკაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, მოსამართლე სათათბიროდ, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გავა.