ოსური მედიაგამოცემა REC სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკითხვის ამონარიდებსა და მისი დაკავების რამდენიმე დეტალს ავრცელებს.
როგორც გავრცელებული დაკითხვის ოქმის ამონარიდიდან ჩანს, ვაჟა გაფრინდაშვილი არ აღიარებს „საზღვრის გადაკვეთის“ ბრალდებას. მისი თქმით, ის საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორია საქართველოს ნაწილია, რომელიც რუსეთს აქვს ოკუპირებული.
„დაკითხვის დროს ვ. გაფრინდაშვილმა განმარტა, რომ საზღვარზე მიზანმიმართულად გადავიდა, რადგან სოფელ მონასტერში არსებულ ეკლესიაში აპირებდა მისვლას. თუმცა, მან თავის რელიგიურ შეხედულებებსა და რწმენაზე გარკვევით საუბარი ვერ შეძლო.
ასევე ვ. გაფრინდაშვილმა უარი თქვა ეპასუხა პარტიულ კუთვნილებასთან დაკავშირებულ კითხვებზე და თქვა, რომ საქართველოს NATO-ში სწრაფად გაწევრებას ემხრობა.
საზღვრის გადაკვეთას აფასებს, როგორც „საქართველოს მოქალაქის კანონიერ უფლებას თავისუფალ გადაადგილებაზე“, სამხრეთ ოსეთს მიიჩნევს „რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიად“, რუსეთს კი საქართველოს მთავარ მტრად.
ამასთან, ვ. გაფრინდაშვილის თქმით, ის, როგორც საქათველოს მოქალაქე, იტოვებს უფლებას აკრიტიკოს საქართველოს ნებისმიერი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და კანონიერი მეთოდებით მოითხოვოს ამა თუ იმ ნორმატიული აქტის შეცვლა“, – ადგილობრივი მედიის მიხედვით, ნათქვამია ოსური კგბ-ის განცხადებაში.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოსური კგბ ვაჟა გაფრინდაშვილის სატელეფონო საუბრების ჩანაწერებსაც აქვეყნებს, რომლითაც ადგენენ, რომ მან, ე.წ. „საზღვარზე“ გადასვლა წინასწარ დაგეგმა. ერთ-ერთი ჩანაწერის მიხედვით, ექიმმა პაციენტს უთხრა, რომ კვირა დღეს თბილისში არ იქნებოდა.