საქართველოს პარლამენტის შენობაში მოშიმშილე პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია წერს, რომ ექიმების რეკომენდაციის მიუხედავად, ჰოსპიტალიზაციაზე უარს ამბობს. ელენე ხოშტარია მე-13 დღეა, შიმშილობს.
„გუშინ ექიმმა გააკეთა განცხადება ჩემს ჯანმრთელობაზე, რომ ცოტა დამძიმდა. მოკლედ, ექიმმა მითხრა, რომ ორგანიზმში დაიწყო ინტოქსიკაცია და თუ ამ ეტაპზე რეგულარულ გადასხმებს (მედიკამენტოზურს და არა საკვები, ეს გამორიცხულია) არ გავიკეთებ თირკმელი ვერ გაუძლებს. შემომთავაზა ჰოსპიტალიზაცია, ამაზე უარს ვამბობ.
აქედან გამომდინარე დავთანხმდი ამ ეტაპზე გადასხმებს, როდესაც თირკმელის გაჩერების რისკი მოიხსნება, შევაჩერებ გადასხმებს. თავს ვგრძნობ კარგად. ვარ ძალიან შემართებით, წამი არ ყოფილა, რომ ვიტანჯებოდე. დღეს წარმატება ჩემ მეგობრებს აქციაზე. გადაიყვანეთ სააკაშვილი კლინიკაში! მე გაჩერებას არ ვაპირებ“, – წერს ელენე ხოშტარია.
გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ დღეს 15:00 საათიდან 17:00 საათამდე აქციებით გადაიკეტება საავტომობილო მოძრაობა თბილისის ორივე სანაპიროზე.