პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრს უსმენენ. სხდომაზე პრემიერის შესავალ სიტყვას, სადაც მან ევროკომისიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა, ხმაური მოჰყვა. ხატია დეკანოიძე დარბაზიდან პრემიერს კითხვებს უსვამდა. პარლამენტის თავმჯდომარემ არაერთხელ მოუწოდა ხატია დეკანოიძეს სიმშვიდისკენ და უთხრა, რომ პროცედურის დარღვევის გამო დარბაზს დაატოვებინებდა.
„თქვენ ალბათ გსურთ, რომ ჩაშალოთ სხდომა და თუ ეს სურვილი გაქვთ, დაგატოვებინებთ დარბაზს. მოუსმინეთ გამომსვლელს. უმიკროფონოდ თავმჯდომარის ნებართვის გარეშე გამოსვლა არის რეგლამენტის დარღვევა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„ექიმს ხომ არ დავუძახოთ, წამალი ხომ არ გინდათ, რომ დამშვიდდეთ ქალბატონო ხატია”, – ასე მიმართა რამდენჯერმე ხატია დეკანოიძეს პრემიერმა ტრიბუნიდან.
ხატია დეკანოიძესთან ერთად პრემიერის გამოსვლის პარალელურად დარბაზში მიკროფონის გარეშე საუბრობდა ენმ-ის წევრი ანი წითლიძეც. შალვა პაპუაშვილმა გაფრთხილება მისცა ანი წითლიძეს და უთხრა, რომ თუ ისევ დაიწყებს მიკროფონის გარეშე საუბარს, დარბაზს დაატოვებინებს.
„რა კულტურაზე, რა დეპოლარიზაციაზე უნდა გესაუბროთ?! ჩანს, რომ გინდათ სხდომის ჩაშლა. იქონიეთ კულტურა მოისმინოთ მოხსენება”, – თქვა პაპუაშვილმა.
სხდომაზე შესვენების გამოცხადება საჭირო არ გახდა და პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლა გააგრძელა.