სტამბულის მერიის საკრებულოში დღეს არჩევნები ჩატარდა – 177 ხმით პატიმრობაში მყოფ ექრემ იმამოღლუს შემცვლელად სახალხო რესპუბლიკური პარტიის (CHP) კანდიდატი, ნური ასლაბი აირჩიეს.
AKP-ის კანდიდატმა, AK პარტიის ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილემ 125 ხმა მიიღო. მედიების ცნობით, არჩევნები მესამე ტურით დასრულდა, სადაც კანდიდატის ასარჩევად უბრალო უმრავლესობა იყო საჭირო.
საკრებულოში CHP პარტიას 186 წევრი ჰყავს, თუმცა 10 მათგანი კენჭისყრაში ვერ მონაწილეობდა, რადგან დაპატიმრებულები არიან. AKP-ის საკრებულოში 122 წარმომადგენელი ჰყავს – ჯამში, საკრებულოს წევრთა რაოდენობა 314-ია.
თურქეთში ანტისამთავრობო აქციები სტამბოლის მერის დაკავების დღიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება – საპროტესტო აქციები გაიმართა თურქეთის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში. აქციებზე დემონსტრანტები ანტისამთავრობო სლოგანებს სკანდირებდნენ, მათ შორის მოითხოვდნენ ერდოღანის გადადგომას. წინა დღეების განმავლობაში, აქციები პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა, მათ შორის დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენა ცრემლმდენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი.
თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, გასული კვირიდან დღემდე 1 418 ადამიანია დაკავებული და მათგან 979 ამ დრომდე პატიმრობაში რჩება.