ექსკურსიაზე დაღუპული მოზარდის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას პროკურატურა გაასაჩივრებს

პუბლიკა

გურჯაანის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვითაც, სკოლის ექსკურსიაზე დაღუპული სოფიო ნიკოლეიშვილის საქმეზე კლასის დამრიგებელს პირობითი მსჯავრი მიესაჯა, ერთი მასწავლებელი კი გამართლდა. საქართველოს პროკურატურა გურჯაანის რაიონული სასამართლოს  გადაწყვეტილებას არ ეთანხმება  და თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

„დანიშნულების ადგილზე ჩასვლისას, მიუხედავად იმისა, რომ ნ.ს.-სთვის, როგორც ექსკურსიის ხელმძღვანელისთვის და სკოლა „ალბიონის” სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირისთვის, ცნობილი გახდა მეტეოროლოგიური პირობების გამო საექსკურსიო მარშრუტის სირთულის შესახებ, გამოიჩინა დაუდევრობა და  არაჯეროვნად შეაფასა არსებული ვითარება.

პედაგოგებისთვის ასევე ცნობილი იყო, რომ მოსწავლე სოფიო ნიკოლეიშვილი აპირებდა საბანაოდ ჩანჩქერში შესვლას. მიუხედავად ამისა, ნ.ს. მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა, გამოიჩინა გულგრილობა და მოსწავლეებს ნება დართო სვლა გაეგრძელებინათ „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმართულებით, თავად კი ჩანჩქერზე არ ავიდა, ხოლო პედაგოგმა ვ.ქ.-მ ნაკრძალის რეინჯერის უშუალო გაფრთხილების მიუხედავად, რომ საფრთხე არსებობდა, იმ საფუძვლით, რომ კარგად იცნობდა მიმდებარე ტერიტორიას და არაერთხელ იყო ნამყოფი, თავად აიღო პასუხისმგებლობა გასძღოლოდა მოსწავლეთა ჯგუფს და აეყვანა ჩანჩქერზე.

პედაგოგების მიერ გამოჩენილი გულგრილობის და წინდახედულობის ნორმების უგულებელყოფის შედეგად, უმეთვალყურეოდ დარჩენილი სოფიო ნიკოლეიშვილი  შევიდა ჩანჩქერის სწრაფ დინებაში და ვეღარ მოახერხა ნაპირზე დაბრუნება, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია“,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.