კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა, ნათია ნუცუბიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ექსპერტ-კრიმინალისტის, რომელსაც ნუცუბიძის გაზგასამართ სადგურზე დენმა დაარტყა, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
„დღეს 14 საათზე, კავკასიის მედიცინის ცენტრში შემოიყვანეს 39 წლის მამაკაცი ელექტროტრავმით. მამაკაცს აღენიშნებოდა გულის გაჩერება, პარკუჭთა ფიბრილაცია. შემოყვანიდან 10 წუთის განმავლობაში აღდგენილ იქნა გულის მუშაობა. ამჟამად მამაკაცი იმყოფება ფილტვების მექანიკურ ვილტილაციაზე სამკურნალო დაცვითი სედაციის ქვეშ”, – აღნიშნა კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა.
ნათია ნუცუბიძის თქმით, რამდენიმე დღე დაელოდებიან და შემდეგ, ნერვოლოგიური სტატუსის შესაბამისად, მის გამოღვიძებას დაიწყებენ.
შსს-ს ინფორმაციით, ექსპერტ-კრიმინალისტი თბილისში, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურში, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, შემთხვევის ადგილს დამატებით ათვალიერებდა, რა დროსაც, პირველადი ინფორმაციით, მას დენმა დაარტყა.
„მომხდარის შედეგად, ექსპერტ-კრიმინალისტმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა”, – წერს შსს.