ექსპერტები აცხადებენ, რომ აშშ-ში ყველაზე მძიმე მიმდინარე კვირა იქნება

ჯანდაცვის წამყვანი ექსპერტების ცნობით, აშშ-ში კორონავირუსიული ინფექციის გავრცელების მხრივ ყველაზე კრიტიკული მიმდინარე კვირა იქნება. ამის შესახებ ამერიკის გენერალურმა ქირურგმა, ჯერომ ადამსმა Fox News Sunday-ს ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ვირუსის გავრცელებით გამოწვეული შედეგები მთელი ქვეყნის მასშტაბით კატასტროფული იქნება.

„ეს იქნება „პერლ ჰარბორის“, „9/11-ის“ მსგავსი მომენტი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ამ პრობლემის ლოკალიზება ვერ მოხერხდება. ეს მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხდება. მე მსურს, ამერიკას ესმოდეს ეს“, – განაცხადა ადამსმა.

ჯერომ ადამსმა ამის შესახებ  NBC-ს ეთერშიც ისაუბრა და ყველას სოციალური დისტანცირების გზით კრიზისის დაძლევის პროცესში წვლილის შეტანისაკენ მოუწოდა.

„მრავალი ამერიკელის ცხოვრებაში ეს ყველაზე მძიმე მომენტი იქნება და ჩვენ ყველანი ვალდებულნი ვართ, გვესმოდეს, რომ კრიზისის შესამსუბუქებლად ყველამ თავისი როლი უნდა შეასრულოს“, – განაცხადა ადამსმა.

CBS-ის ეთერში წამყვანმა ინფექციონისტმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ იმის თქმა, თითქოს ფედერალურ ხელისუფლებას კორონავირუსი კონტროლის ქვეშ ჰყავს, არასწორი იქნებოდა.

„ჩვენ ვცდილობთ სიტუაციის მართვას. სწორედ ეს არის დღეს მთავარი საკითხი“, – განაცხადა ფაუჩიმ.

ჯანდაცვის ექსპერტების მსგავსი განცხადებები დონალდ ტრამპის საჯარო პროგნოზს მოჰყვა. აშშ-ის პრეზიდენტმა ეთერში განაცხადა, რომ მიმდინარე კვირა ყველაზე მძიმე იქნებოდა.

„სამწუხაროდ, მრავალი გარდაცვლილი გვეყოლება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ში კორონავირუსის შედეგებზე მძიმე პროგნოზები უკვე ერთი კვირაა ვრცელდება. გასულ კვირას ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პანდემიის შედეგად 200 000-მდე მოქალაქის სიკვდილია მოსალოდნელი.

„100 000 გარდაცვლილი მინიმალური რაოდენობაა“, – განაცხადა ტრამპმა. აშშ-ს ერთ წელიწადში ამდენი გარდაცვლილი ვიეტნამის ომის დროსაც კი არ ჰყოლია.

ენტონი ფაუჩის განცხადებით, ეს რიცხვი მოდელირების პრინციპით არის მიღებული და მრავალი ექსპერტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული მაჩვენებელი მოსალოდნელ შედეგებს მნიშვნელოვნად აღემატება. მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის წამყვანი ექსპერტების პროგნოზით, გარდაცვლილთა რაოდენობა მიმდინარე კვირაში მაინც დრამატულად გაიზრდება.

„ეს კვირა საკმაოდ მძიმე იქნება, ვინაიდან ჯერ პიკამდე არ მივსულვართ, თუმცა ვიმედოვნებთ, 8-9 დღის შემდეგ სიტუაცია შემობრუნებას დაიწყებს“, – განაცხადა ფაუჩიმ.

დღეის მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ქვეყანაში სულ 356 007 ადამიანია ინფიცირებული, ვირუსის შედეგად გარდაცვლილი კი – 10 467.

 

წყარო: Vox