ექსპერტები: სანქცირებული ავიაკომპანიებისთვის ცის დათმობა წითელი ხაზი იქნება ევროპისთვის

პუბლიკა

დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ფედერაციამ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებისა და პირდაპირი ფრენის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო. ექსპერტების შეფასებით, საქართველოში რუსული სანქცირებული ავიაკომპანიების ფრენის დაშვება კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესზე უკიდურესად ნეგატიურ გავლენას მოახდენს და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ერთ-ერთი წითელი ხაზი იქნება ევროპელი პარტნიორებისთვის.

OSGF-ის ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელის, ვანო ჩხიკვაძის თქმით, ბრიუსელში ბოლო ვიზიტის დროს ირაკლი ღარიბაშვილთან დახურულ შეხვედრებზე საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენის აღდგენის თემაზეც ისაუბრეს.

„მე როგორც ვიცი, ბრიუსელში ყოფნის დროს, ბოლოს როცა იყო პრემიერ-მინისტრი, დახურულ შეხვედრებზე მას ამასთან დაკავშირებით ესაუბრნენ და უთხრეს, რომ ეს იქნება მკვეთრად ნეგატიური გადაწყვეტილება, რომელიც არაფერს შესძენს კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს“, – ამბობს ვანო ჩხიკვაძე.

მისივე თქმით, ნებისმიერი კომპანია, რომელიც სერვისს გაუწევს რუსულ სანქცირებულ კომპანიებს, მოხვდება სანქციების რისკის ქვეშ.

„კანდიდატის სტატუსის გადაწყვეტილებაზე ექნება ნეგატიური გავლენა, თუ ქართული მხარე დართავს ნებას, რომ რუსული  სანქცირებული ბორტები შემოვიდეს საქართველოში. როგორც ცნობილია, მათ წინააღმდეგ ევროკავშირის მხრიდან მოქმედებს სანქციების რეჟიმი, ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში რუსული ავიაკომპანიები არ დაფრინავენ. ცნობილი ფაქტია, რომ თუ ასე მოხდება, ეს ნეგატიურ გავლენას იქონიებს კანდიდატის სტატუსზე. ეს არის ერთ-ერთი წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთაც შეიძლება ძალიან ძვირი დაგვიჯდეს.“ – ამბობს ვანო ჩხიკვაძე.

„რუსული სანქცირებული ავიაკომპანიებისთვის ცის დათმობა წითელი ხაზი იქნება ევროპელი პარტნიორებისთვის“, – ამბობს გიგი გიგიაძე. ის ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) უფროსი მკვლევარი და კარიერული დიპლომატია.

„ჩვენთვის ცნობილია, რომ რუსული ავიაკომპანიები და ავიაგადამზიდავები იმყოფებიან ევროპული სანქციების ქვეშ. ეს სანქციები ვრცელდება იმ მხარეზეც, რომელიც მომსახურებას გაუწევს, მიიღებს მათ და ა.შ. პირდაპირი ფრენის აღდგენამ შესაძლებელია, ევროპული სანქციები განავრცოს საქართველოზე იმ შემთხვევაში, თუ ეს ფრენა აღდგება.

ფაქტია, რომ რუსული კომპანიები არიან სანქცირებულნი დასავლეთის მიერ და, შესაბამისად, ნებისმიერი კომპანია, რომელიც გაუწევს მათ მომსახურებას, სერვისების მიწოდებას, არის სანქციებში მოხვედრის საფრთხის ქვეშ. ეს ძალიან ნეგატიურად აისახება საქართველოსთვის მიმდინარე წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე და ამ მხრივაც რთულ მდგომარეობაში აყენებს ჩვენს ქვეყანას.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, რუსული სანქცირებული ავიაკომპანიებისთვის ცის დათმობა, იქნება ის წითელი ხაზი, რომელიც, დიდი ალბათობით, განაპირობებს უარყოფით გადაწყვეტილებას საქართველოსთან მიმართებით, კანდიდატის სტატუსზე.“ – ამბობს გიგი გიგიაძე.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, რუსეთი ცდილობს, გაზარდოს საქართველოს დამოკიდებულება რუსეთზე და მეორე მხრივ, დადებითი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში რუსეთის მიმართ „მაამებლურ პოლიტიკას“.

„რონდელის ფონდის“ უფროსი მკვლევრის, ბუკა პეტრიაშვილის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან პირდაპირი ფრენის აღდგენას მიესალმება და დაელოდება, როდის იქნება ევროკავშირის მხრიდან რეაგირება და თუ სანქცირებული ავიაკომპანიები დაიწყებენ საქართველოში ფრენას, ქართული კომპანიებისთვის სანქციების დაწესების რისკი რეალური იქნება.

„მალე ვნახავთ ოფიციალური ხელისუფლების პასუხს. ჩვენ უკვე მოგვისმენია მათი პასუხი თებერვალში, რომ თუ იქნება ასეთი გადაწყვეტილება, ეს იქნება კარგი. ხელისუფლება მიესალმება ამას, აუცილებლად დაუშვებს და დაიწყებს მზადებას ამ თანამშრომლობისთვის. ხელისუფლება ამაყობს, რომ არ შეერთებია სანქციებს და დაელოდება, როდის იქნება ევროკავშირის მხრიდან უფრო სერიოზული და ხისტი რეაგირება. თუ სანქცირებული ავიაკომპანიები დაიწყებენ ფრენას, საქართველოს და ქართული კომპანიების მიმართ სანქციების დაწესება რეალური იქნება.“ – ამბობს ბუკა პეტრიაშვილი.

რუსეთის მხრიდან პირდაპირი ფრენის აღდგენის შესახებ განხილვები მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო, როცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულის  შესაძლებლობის შესახებ განაცხადა. რუსეთის საგარეო უწყების პასუხად „იმედის“ ეთერში 19 იანვარს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ფრენის აღდგენა მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის.

2023 წლის 2 თებერვალს „ამერიკის ხმას“ სახელმწიფო დეპარტამენტში უთხრეს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენის აღდგენა სანქციების საფრთხეს შეუქმნის იმ კომპანიებს, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში რუსულ კომპანიებს მოემსახურებიან.

„ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის, შეერთებული შტატებიც, კრძალავს რუსული თვითმფრინავების საკუთარ საჰაერო სივრცეში შესვლას. ჩვენ შეგვაშფოთებს ის, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენა განახლდება, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს აეროპორტებში კომპანიები შესაძლოა, სანქციების სამიზნე გახდნენ, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც ექვემდებარება იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტმა.