„ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო ზედოზირება" - შსს ლაშქარავაზე

პუბლიკა

„ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო აღნიშნული [ნარკოტიკული] საშუალებებით ზედოზირება”, – გარდაცვლილ ოპერატორ ლექსო ლაშქარავასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში მორიგი ბრიფინგი გამართეს.

„ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გვამიდან აღებულ ნიმუშებში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები: მორფინი, კოდეინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, გაბაპენტილი და მონოაცეტილმორფინი. ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო აღნიშნული საშუალებებით ზედოზირება. აქვე აღვნიშნავ, რომ ეს დასკვნა არის შუალედური”, – განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ.

შსს-ს სრულ განცხადებას გაეცანით ბმულზე;


11 ივლისს „TV პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და მოითხოვენ პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომას.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე დაწყებულია გამოძიება, ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზა, რისი შედეგიც რამდენიმე ხანში გახდება ცნობილი. 5 ივლისს ოპერატორზე თავდასხმის ბრალდებით ამ ეტაპზე დაკავებულია 5 პირი.