„ექსპერტმა მხოლოდ და მხოლოდ ფოტოსურათებით დადგინა, რომ ჭრის კვალი არ იყო“ – ადვოკატები აფასებენ „4 ოქტომბრის საქმეზე“ სასახლის ღობეზე გაცემულ დასკვნას – ექსპერტიზის დასკვნით, ღობეს ჭრის კვალი არ აღენიშნებოდა.
ექსპერტის მიმართ დასმული იყო შეკითხვა: 2025 წლის 4 ოქტომბრის მდგომარეობით თბილისში ათონელის ქუჩაზე მდებარე საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ღობის 5 ცალ რკინის ორნამენტულ სექციას აღენიშნებოდა თუ არა ჭრის კვალი?
ექსპერტის მიერ გაცემული დასკვნაში კი წერია, რომ პრეზიდენტის სასახლის 5 ცალ ლითონის ღობის ორნამენტულ სექციებზე არსებული დაზიანებები ტეხის და დეფორმაციის სახით, წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად და არცერთ მათგანზე ჭრის კვალი არ აღინიშნება.
ადვოკატი ირაკლი აბესაძე, ჟურნალისტებთან საუბრისას ჩატარებული ექსპერტიზის შენიშვნებზე საუბრობს:
„პირველ რიგში, ლითონზე ექსპერტიზა ჩაატარა იურისტმა და მემგონი ამით საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია.
რაც შეეხება იმას, რას ვერ უპასუხა იურისტმა ლითონთან მიმართებით:
ექსპერტმა ვერ თქვა, რამდენი შედუღების წერტილი იყო, ანუ რამდენ ადგილას ეძება ჭრის კვალი. მან ეს უბრალოდ არ იცოდა;
ექსპერტმა დაადასტურა, რომ ღობის სექციები მათ უბრალოდ არც კი აუწევიათ, რომ ენახათ მიწაზე დაცემის ქვედა მხარეს ხომ არ იყო რაიმე ჭრის ან მექანიკური დაზიანების კვალი;
ექსპერტმა ფაქტობრივად დაგვიდასტურა, რომ მას არ შეუსწავლია და არც აქვს იმის ცოდნა, შეესწავლა, ხომ არ იყო შედუღების დეფექტი;
ექსპერტმა ვერ გამორიცხა, ხომ არ იყო ხელოვნურად შექმნილი ტეხვის კვალი;
ექსპერტმა დაადასტურა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია შემთხვევის ადგილზე მის მისვლამდე, ღობის სექციაზე ხომ არ ჰქონდა ადგილი რაიმე მანიპულაციებს;
ექსპერტმა ვერ დაასაბუთა, როგორ გამორიცხა ჭრის ყველა კვალი მაშინ, როდესაც ლითონის ჭრის ძალიან ბევრნაირი მეთოდი არსებობს და ისინი სხვადასხვანაირ კვალს ტოვებენ;
ექსპერტმა დაუდასტურა პროკურატურას, რომ თითქოს ღობე შედუღების გარდა სხვა ტიპის სამაგრითაც იყო დამაგრებული, მაგრამ ექსპერტიზის დასკვნაში ვერ მიუთითა, რა სამაგრზე იყო საუბარი – ის გატყდა, თუ გაჭრილი იყო და მის მიერვე გადაღებულ ფოტოსურათებში ვერ იპოვა აღნიშნული სამაგრი. მარტივად რომ ვთქვათ, ექსპერტი მივიდა, დახედა და თქვა – უფ, ეს გატეხილი უნდა იყოს და არა გაჭრილიო. არ ვუტრირებ, ეს არის საექსპერტო დასკვნა, რომელზე დაყრდნობითაც უნდათ, რომ 65 ადამიანი ციხეში გაუშვან“, – თქვა აბესაძემ.