საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 2 275.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 27.8 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
საქსტატის ცნობითვე, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 73.1 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 30.7 პროცენტით გაიზარდა და 1 662.8 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
დიაგრამა ასახავს შესაბამისი მაჩვენებლების განვითარების ტენდენციას 2016-2021 წლებში:
ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 465.9 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 28.0 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 228.5 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 123.9 მლნ. აშშ დოლარით.